ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები, ძირითადად, გარეუბნებში გადაინაცვლებენ, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებენ. როგორც მუმლაძემ რადიო „პალიტრას” ეთერში განმარტა, მიკროავტობუსებს 2020 წლის ბოლომდე სრულად განაახლებენ.
მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს, სადაც ავტობუსი გზის სივიწროვიდან გამომდინარე ვერ დადის. ასეთ მარშრუტებზე ყველგან მიკროავტობუსები იქნება გადანაწილებული. შესაბამისად, ძირითად არტერიულ ქუჩებზე, როგორიცაა მაგალითად, წერეთლის, მარშალ გელოვანის, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირები – ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს და იქ მიკროავტობუსები აღარ ივლის. მსგავს ტერიტორიებზე იმოძრავებს როგორც 8 მეტრიანი, ისე 24 მეტრიანი ავტობუსებიც.
წელს უკვე უნდა გვქონდეს ახალი სახელშეკრულებო პირობები მიკროავტობუსებთან ისე, რომ იქ მომუშავე მძღოლები შენარჩუნებული იყვნენ პოზიციებზე და ანაზღაურების კუთხითაც უფრო კარგი მდგომარეობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის სისტემაც დაიხვეწოს და მიკროავტობუსებშიც სხვადასხვა საბანკო ბარათებით იყოს შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ მოქალაქეებს, რომ საკუთარი ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყონ მოძრაობა.” – აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქალაქისთვის ახალ სატრანსპორტო სქემაზე კომპანია “სისტრა” მუშაობს, რომელიც საკუთარ დასკვნას უალოეს მომავალში გამოაქვეყნებს. ეს დასკვნა, სხვა საკითხებთან ერთად, მიკროავტობუსების მარშრუტებსაც მოიცავს.