ფიროსმანის თანამედროვე, თვითნასწავლი თბილისელი მხატვარისა და მწერალის, კარაპეტ გრიგორიანცის წიგნში – „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ დეტალურად და საკმაოდ საინტერესოდ არის აღწერილი მე-19 საუკუნის თბილისელთა ზნე-ჩვეულები: სად და როგორ ერთობოდნენ, რა ტრადიციები და მისწრაფებები ჰქონდათ და ასე შემდეგ. მაგალითად, ფქვილის მოედნიდან ( მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია) აბანოთ უბნის ბოლომდე საროსკიპოები ყოფილა ჩამწკრივებული. აი როგორ აღწერს კარაპეტ გრიგორიანცი იქ არსებულ სიტუაციას:~
„ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო, სადაც პოლიციის მოხელენი არ იყვნენ, ეჭვი არ არის, რომ ყველა ადამიანი თავის ნანდომს იზავს, იმ დროსაც სწორეთ ისე იყო, ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ.
უკეთუ ვისმეს შენიშნავდნენ, რომ ზედ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო. აბა, ვინ მოიკითხავდა ანუ თავს ვინ გაიცხელებდა გარეცხილ გარყვნილ ბოზებთან ლაპარაკსა და გამოძიებას.
შეითან ბაზარი ანუ „ეშმაკის ბაზარი“ – ეს სახელი ზედ გამოჭრილი იყო. იმ დროს იქ თავს იყრიდნენ ჯიბგირები, ქურდები, იშკილბაზები, კარტოჟნიკები, კაცის მკვლელები, ყალბი ფულის გამსაღებლები, ქალების მომტაცებელნი, პორტმანის დამგდებელნი და ყოველგვარი საზიზღარი საქციელის პატრონები. მხოლოდ იმ უბანში იყო ესენი და თითქოს უხდებოდა კიდეც, რომ ყოველგვარი გაფუჭებული ხალხი იქ იყრიდა თავს. ქალაქის სხვა უბნებში ესენი ძალიან იშვიათად შეგხვდებოდათ, თითქმის სულ არ იყო, გარდა საროსკიპო სახლებისა, ქურდებსა და სხვა გაფუჭებულ ჭირიან ხალხს ის უბანი ყველაფრით ხელს უწყობდა. მაგალითად, ფურნები, ლავაშის დუქნები, ლუდხანები სასადილოები, სამიკიტნოები, საყომარბაზო სახლები, საჩაები და ღამითაც აბანოებში მუქთათ ანუ მცირე ფასათ თბილათ ძილი.“