რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„უნდა იყოს ნაბიჯების თანმიმდევრულობა. თუ საქართველოში ვითარების ნორმალიზაცია მოხდება, რუსოფობია შეწყდება, იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები, შესაძლებელი იქნება ავიამიმოსვლის შესახებ საუბარი“, – განუცხადეს „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო უწყებაში.
ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების იდეაზე მუშაობის განახლება.
„კომერსანტის“ მონაცემებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე რუსეთში უწყებათაშორისი შეთანხმება მიღწეული იყო და განკარგულებას მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელმოწერა აკლდა.