ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და სკოლა გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ადგილობრივი მთავრობის წევრები დაესწრნენ.

„მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა, რადგან ამ უნივერსიტეტის მშენებლობა მიმდინარეობს აჭარაში. ძალიან ბევრი დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენი განათლების სისტემა რეგიონებში გადის. ბათუმს აქვს თავისი უნივერსიტეტი, რეგიონში ასევე საერთაშორისო დანიშნულების უნივერსიტეტი შემოდის. არაერთხელ მითქვამს, რომ რეგიონების განვითარება ჩვენი პრიორიტეტია“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს ტურიზმის, სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით 2010 წლიდან ახორციელებს.

ახალი კამპუსის მშენებლობა, რომლის სივრცე გათვლილია უნივერსიტეტისა და სკოლისთვის წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა.

მათივე ინფორმაციით, კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით.

1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე. სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე იმოქმედებს შეღავათები.

Please follow and like us: