„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არხის პარტნიორთა კრებაზე მხარი არ დაუჭირეს.

ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკითხის დღის წესრიგში შეტანას თავად გვარამიაც დაეთანხმა.

ადვოკატის თქმით, მისთვის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან დომინანტ პარტნიორებს და დირექტორს ნებისმიერ საკითხზე ერთი პოზიცია ჰქონდათ.

„ნიკა გვარამია თვლის, რომ ეთერიდან გაბუნიას ორი თვით ჩამოშორება მაქსიმუმია და ჩაითვალა, რომ გაბუნიას დამოკიდებულება ჯდება სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა გამოხატვის ფორმა არ არის სწორი. იყო ჩვენი პოზიციის იმდაგვარად წარმოჩენის მცდელობა, რომ ჩვენ, არხზე ცენზურა გვინდა, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ინციდენტს მკაცრი რეაგირება და ხელმძღვანელობის დასჯა უნდა მოჰყოლოდა“, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

კომენტარი ასევე გააკეთა არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა. მისი თქმით, ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადება იყო გაურკვეველი, რაც მოიცავდა ჭორების დონეზე გადმოცემულ ინფორმაციას.

„მან აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას განცხადებების გამო „რუსთავი2“-ში მისი წილის ფასი დავარდა. ვითხოვეთ ამის არგუმენტაცია.

მან გააკრიტიკა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და თქვა, რომ ვართ ოპოზიციური არხი და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მოვლენებს დადებითად არ ვაშუქებთ. მან პრაქტიკულად გააკრიტიკა მედიის როგორც მოდარაჯე ძაღლის როლი“, – აღნიშნა მურადაშვილმა.

მისივე თქმით, ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელმა ხელისუფლების გზავნილები გაახმოვანა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელმა პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დააყენა.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა განაცხადა, ნიკა გვარამია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით, ზიანს აყენებს ტელეკომპანიას.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2″-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. განცხადება გაავრცელა ასევე Freedom House-ის წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში გაბუნიას მსგავსი ინციდენტები არსებობს.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც და გადაწყდა, რომ გაბუნია 2 თვე გადაცემებს აღარ წაიყვანს.

მაისში „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ეჭვს გამოთქვამდა, რომ „რუსთავი 2“-ს მიზანმიმართულად აკოტრებენ. მაშინ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-დან წასული თანხებით ფინანსდება ტელეკომპანია “მესამე”, რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება არ ყოფილა. მაშინ ადვოკატმა თქვა, რომ ვიდრე სასამართლოს მიმართავდნენ, ტელეკომპანიას ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემა სთხოვეს, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მაისის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ “რუსთავი 2”-ის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

6 მაისს “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-ანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

Please follow and like us: