სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, ილია მეორე სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს. როგორც სვეტიცხოვლის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბეჟიტაშვილმა განაცხადა, სადღესასწაულო წირვას ესწრებიან წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში მონაწილეები, რომელთაც პატრიარქისგან საპატიო სიგელები გადაეცემათ.

დეკანოზმა მართლმადიდებელ მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ, სვეტიცხოვლობას, 12 მოციქულის დღეს. ვინაიდან, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელობის არის, დღეს არის ტაძრის დღესასწაული. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს სადღესასწაულო ლიტურგიას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც წმინდა ნინოს გზაზე, მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ეს მსვლელობა იწყება პირველ ივნისს და მთავრდება 13 ივლისს, სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით. ამ დღეს ილოცებიან ამ მსვლელობაში მონაწილე წევრები, რომელთაც გადაეცემათ საპატიო სიგელები. მათ დალოცავს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ერთობლივი ლოცვით ვადიდებთ უფალს”, – აღნიშნა დეკანოზმა.

Please follow and like us: