ქართულ კულინარიას ხშირად თავად საქართველოსაც ადარებენ. მართლაც, თუ გადახედავთ სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს და ღრმად შეიგრძნობთ საოცარ სურნელს და კერძების მრავალფეროვნებას გაუსწორებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ქართული კულინარია მართლაც რომ ხელოვნებაა- საქართველოს მსგავსი, ცხარე, ცოცხალი და ფერადოვანი.

უძველესი დროიდან მოყოლებული, ქართველური ტომების კულინარიულ კულტურაში უმთავრეს როლს მემინდვრეობა( ანუ მარცვლეული კულტურები) და მეღვინეობა თამაშობდა. თუმცა ყველაზე არქაული ალბათ შემგროვებლური მეურნეობაა და, პირველ რიგში, ესაა ძალზე მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რითაც უძველესი ადამიანი იკვებებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ნადირობის უდიდესი როლიც პირველყოფილი კულინარიის ჩამოყალიბებაში. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე ხორცისა და რძის ნაწარმი, რომელიც განვითარებულ მესაქონლეობას უკავშირდება. აი ეს არის ის ძირითადი სპექტრი, რითაც შეგვიძლია დავახასიათოთ ქართული კულინარიის საწყისი ფორმები.

დროთა განმავლობაში დაიხვეწა გემოებიც, სურნელებიც და გამოხატვის ფორმებიც და დღეს ქართული კულინარია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სახელგანთქმული და გემრიელი სამზარეულოა, რომელიც იმსახურებს უცხოელების დიდ მოწონებას და ადგილობრივების უდიდეს პატივისცემას. ქართველი კაცისთვის ქართული სუფრის ტრადიცია ღირსების საქმეა და იგი ამ სიმდიდრის დაცვას მონდომებით ცდილობს. ძველი რეცეპტების ხელიდან ხელში გადასული ჩანაწერები, ოთახში დატრიალებული უცხო და ნაცნობი სუნებელის კორიანტელი და ემოცია, რომელსაც ყველა ქართული კერძი ინდივიდუალურად აფრქვევს -ქართული კულინარია ყველა ამ დეტალის გემრიელი ნაერთია.

ცოტა ხნის წინ დედაქალაქში უნიკალური მუზეუმი გამოჩნდა. რეცეპტების მუზეუმის მონახულება მსურველებს ინგოროყვას ქუჩაზე შეუძლიათ. იგი მნახველებს სთავაზობს ქართულ ხალხურ და საავტორო რეცეპტებს, რომლის შესაბამისად კერძის მომზადების საშუალება უცხოელ სტუმრებს ადგილზევე აქვთ. გარდა ამისა ცალკე შოურუმები ეწყობა , სადაც შეფები ამზადებენ კერძებს და ატარებენ მასტერკლასს.

ამ საინტერესო წამოწყებას კიდევ უფრო საინტერესო მიზანი აქვს- ქართული რეცეპტების პოპულარიზაცია და თაობებისთვის შემონახვა. იდეის ავტორი და რეცეპტების მუზეუმის დამფუძნებელი მაკო ქავთარაძე “თბილისი თაიმსს”  ესაუბრა იდეის განხორციელებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

-როდის და როგორ გაჩნდა იდეა რეცეპტების მუზეუმის შექმნის ?

2019 წლის შემოდგომაზე გაჩნდა რეცეპტების შექმნის იდეა, როდესაც ჩვენ ჯაშუში სუნელების ასორტიმენტის გასამრავალფეროვნებლად ქართული რეცეპტების შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ქართული რეცეპტების უმეტესობა არტეფაქტების გარეშე, ზეპირსიტყვიერად გადმოეცა თაობიდან თაობას. ხოლო ის მწირი ჩანაწერები თუ ცნობები ძალიან გაბნეული და ძნელად მისაგნები აღმოჩნდა. ამიტომაც  გადავწყვიტეთ ძველ რეცეპტებთან ერთად მომავალ თაობას შევუნახოთ ის რეცეპტები, რომლებიც ახლა იქმნება. ცნობები, თუ ვინ, როდის და ვისთვის შექმნა ესა თუ ის კერძი. რაც მომავალ თაობას მიაწვდის ცნობას რეცეპტის წარმომავლობის შესახებ და ისტორიით მოყოლილი კერძი უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყნის გასტრონომიას.

-რა ეტაპები გაიარა იდეამ განხორციელებამდე და რას სთავაზობს დღეს მნახველებს და მომხმარებლებს ეს მუზეუმი?

მუზეუმი ყოველ დღე გადის არც თუ ისე ადვილ ეტაპებს. დაწყებული რეცეპტების შეგროვებით, სხვა ლოგისტიკური დაბრკოლებების გადალახვაც უწევს. დღეს მუზეუმის კარი ღიაა ყველა დამთვალიერებლისთვის და სთავაზობს მას იმ წიგნებს, ჩანაწერებს და ხელნაწერებს, რომელიც მოვიპოვეთ ამ დროისთვის. თუმცა ჩვენი მოკრძალებული საცავი ყოვველდღიურად იზრდება და მდიდრდება.

-რომ გვითხრათ რა არის თქვენი მუზეუმის განსაკუთრებულობა და მთავარი ხიბლი ?

ჩვენი მუზეუმი პირველი და ერთადერთია მსოფლიოში, და ის რომ ასეთი მუზეუმი სწორედ საქართველოში დაიბადა, ალბათ,არ არის შემთხვევითი.

-როგორია უცხოელების დაინტერესება და ყველაზე დიდ მოწონებას რომელი პროდუქტი ან რეცეპტი იმსახურებს მნახველებში ?

უცხოელ დამთვალიერებლებს მოსწონთ იდეა და დამთვალიერებლებს შორის ძალიან საინტერესო ადამიანებსაც შევხვდით ამ ხნის განმავლობაში, თუმცა რადგან მუზეუმი მხოლოდ რამდენიმე თვეა გაიხსნა დამთვალიერებლებით დატვირთული არ არის.

თქვენი აზრით რამდენად უწყობს ხელს მსგავსი ტიპის მუზეუმის არსებობა კულინარიის განვითარებას და ასევე ქართული ტურიზმისა და კულტურის პოპულარიზაციას ?

ჩვენს სირცეში შესაძლებელია კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება, რაც ხელს უწყობს კულინარიის განითარებას და თანამედროვე მიმართულებით ახალი ტექნიკების დახვეწას. ხოლო ამ ექსპერიმენტში ტურისტების ჩართულობა ხელს უწყობს საქართველოში გასტრო ტურიზმის გამრავალფეროვნებას.

 –გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ აქტივობებზე.

ჩვენ მომავლის იმედი გვაქვს და მუზეუმის ღია კარში ბევრ საინტერესო რეცეპტს, სტუმარს და კეთილისმსურველს ველოდებით, რომ მომავალი თაობისთვის დღეს შექმნილი საგანძურად გადავაქციოთ ერთობლივი ძალისხმევით.

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: