თბილისში 18 და 24-მეტრიანი ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ავტობუსებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა.

„დედაქალაქში შემოვა უფრო დიდ გაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. რა თქმა უნდა, მათთვის მოეწყობა შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომ ამ ზომის ავტობუსებმა უპრობლემოდ და თავისუფლად შეძლონ გადაადგილება დედაქალაქის ქუჩებში.

ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც დღეს ქალაქში კეთდება, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა ასევე თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების განახლებისთვის.

„რაც შეეხება მიკროავტობუსებს, 2011 წელს იქნა მიკროავტობუსები შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ყველანაირი რესურსი ამ მიკროავტობუსებს ამოწურული აქვთ, შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ კერძო კომპანიასთან, რათა მოხდეს ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. შედეგად დედაქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

Please follow and like us: