თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გია ზედელაშვილი არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია კვლავ გაასხვისოს.

ადვოკატის განმარტებით, ოქრუაშვილი ამიტომ „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის დადებას ითხოვს.

„მას ჰქონდა გაცხადებული, რომ აპირებდა ამ ქონების სხვაზე გადაცემას, ყოველ შემთხვევაში ნაწილს მაინც, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რომ დღესაც მოხდეს მისი გასხვისება. ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მივმართეთ სასამართლოს, რომ სანამ ეს დავა დასრულდება, რაც იქნება წამოწყებული ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელით, ამ დავის დასრულებამდე მოხდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გასხვისების აკრძალვის სახით,“ – განაცხადა გია ზედელაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, თუ როდის მიიღებენ ყადაღასთან დაკავშირებით პასუხს, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს დღეს არ მოხდება.

„არ გვაქვს ილუზია, რომ დღესვე მივიღებთ, მაგრამ ალბათ, ორშაბათს უნდა ვიცოდეთ უკვე პასუხი ამ წინასწარ უზრულველყოფასთან დაკავშირებით.“ – განაცხადა გია ზედელაშვილმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმი, რის გამოც ყადაღასთან დაკავშირებით შესაძლოა უარი ეთქვათ, ადვოკატმა უპასუხა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი განცხადება არგუმენტირებულია.

„წარმოდგენილი განცხადება დასაბუთებულია. ყველა არგუმენტია მითითებული, რატოც უნდა მოხდეს ამ ქონების დაყადაღება. ამავდროულად, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბატონ ქიბარს, როდესაც ჰქონდა შეტანილი სასამართლოში სარჩელი და ითხოვდა მესაკუთრედ ცნობას, იგივე არგუმენტები ჰქონდა დაყენებული და მაშინ სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და დაადო ყოფილი, წინა მესაკუთრეების წილს ყადაღა. ანუ გასხვისების აკრძალვა მოხდა საჯარო რეესტრში,“ – განაცხადა გია ზედელაშვილმა.

Please follow and like us: