პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო. ქართულ-ტაილანდურ კოპროდუქციას Doubleman-ი ჰქვია და მასზე ტაილანდური კომპანია Kantana Motion Pictures ქართულ Georgian Film Production–თან თანამშრომლობით იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს. რაც შეეხება სერიალის შინაარს, თაკო ჟღენტის ინფორმაციით, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპებზე. პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია სიამის ტყუპები, – აღნიშნა მან. მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებულ სცენებში 1870-იანი წლების ნიუ–იორკში ხდება მოქმედება.

ტელესერიალის გადაღებები 30 ივლისამდე გაგრძელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 380-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

Please follow and like us: