საქართველო არაერთი ჩემპიონის სამშობლოა. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ამაყობს იმ წარმატებებითა და წინსვლებით, რასაც ჩვენი სპორტსმენები აღწევენ. ზოგი მათგანი საქართველოს სახელით გამოდის დასაპირისპირებლად, ზოგიც კი ლდიერის პოზიციას სხვა ქვეყნის სახელით იკავებს.

ლიანა ჯოჯუაც საკუთარი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის უზომოდ წარმატებული მებრძოლია. ის რუსეთში ასპარეზობს და წარმოადგენს შერეულ საბრძოლო ხელოვნებას – MMA-ს. ამ ეტაპზე, მის ირგვლივ ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული მოვლენა კომპანია UFC-სთან გაფორმებული კონტრაქტია. საკუთარი წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ლიანა „თბილისი თაიმსს“ თავად ესაუბრა.

საინტერესოა, რატომ და როდის დაინტერესდი საბრძოლო ხელოვნებით

17 წლის ვიყავი, როდესაც ვარჯიში დავიწყე. ეს ძლივს მოვახერხე იმიტომ, რომ ჩემი მშობლები უარზე იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, დამთანხმდნენ. მახსოვს ჩემი პირველი  ბრძოლა. ორი რაუნდი იყო და მეორე რაუნდში ნოკაუტით მოვიგე. ამ დროს გამეხსნა მოგების ჟინი და მას მერე ძალიან მომეწონა ბრძოლები. მაშინ ჯინა კარანოს, მებრძოლი ქალის ბრძოლებს ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. ის იყო ჩემთვის ინსპირაცია.

ჩემი მშობლებისთვის ერთადერთი შვილი ვარ. მამაჩემმა გამახსენა, რომ, როცა პატარა  ვიყავი, 6-7 წლის, თავის დაცვას მასწავლიდა. შეიძლება, ამანაც იმოქმედა.

ცნობილი ხარ, როგორც „მგელი“. ასე რატომ გიწოდებენ?

ზოგადად, ქართველ ხალხს „მგლებს“ უწოდებენ, ოდითგან. ყველა ქვეყანაში გვეძახიან „მგლების ქვეყანას“, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველები არასდროს ნებდებიან და იბრძვიან ბოლომდე. მე ადრე ასე არ მეძახდნენ. ასე, ბოლო ორი წელია, რაც მეც „მგელს“ მიწოდებენ. ვფიქრობ, რომ ხასიათში მგელს ნამდვილად ვემსგავსები. ეს იმიტომ, რომ მეც არასდროს ვნებდები.

17 წლის ასაკში თუ გიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი გექნებოდა?

ამაზე მხოლოდ ვოცნებობდი. ნამდვილად არასდროს მიფიქრია, რომ მე ოდესმე ასეთ შედეგს დავდებდი. პირველად რომ გავედი რუსეთის ჩემპიონატზე, დავმარცხდი. სამეულშიც კი ვერ მოვხვდი. იმდენად გაბრაზებული ვიყავი ამის გამო, ვიფიქრე, რომ მომდევნო წელს აუცილებლად გავიმარჯვებდი. ეს ასეც მოხდა. ეს იყო ჭიდაობაში.  MMA-ში თვენახევრით ადრე გავიგე ხუთრაუნდიანი ბრძოლის შესახებ. ეს იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. ძალიან ცოტა დრო მქონდა იმისთვის, რომ ამ რაუნდებისთვის მოვმზადებულიყავი. ამაზე მხოლოდ მიოცნებია. არასდროს მეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი. ღმერთმა ეს ასე ისურვა.

არ ველოდებოდი, მაგრამ ვიბრძოდი და  ჩემთვის დიდი საჩუქარი იყო, უზომოდ დიდი სიხარული. ეს ჩემთვის ყველაზე ძლიერი ბრძოლა იყო, ნახევარი საათის განმავლობაში ვიბრძოდი. არც მეგონა, თუკი ამდენს შევძლებდი. ბოლომდე არ მჯეროდა, სანამ ჩემი ხელი არ აწიეს.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემთან იქნება. ახლა მე გადავედი საუკეთესო ლიგაში – UFC. აქ ყველაზე მაგარი სპორტსმენები, მებრძოლები იყრიან თავს. ის ყველაზე დიდი შოუა. მინდა, ჩემი თავი უკვე ახალ ეტაპზე ვაჩვენო. იმიტომ არის ეს ჩემთვის ძალიან სანერვიულო, რომ მსურს, ყველაფერი ლამაზად გავაკეთო. ეს ყველაფერი 7 სექტემბერს მოხდება.

ყოველდღიურად, რა სირთულეებთნ ასოცირდება შენი საქმიანობა?

როცა მზადების პროცესი მაქვს, ძალიან ბევრ რამეს ვეუბნები უარს. პირველია – საკვები. ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, გემრიელი კვება… ამიტომ არის ეს ჩემთვის რთული. ყველაზე რთული, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არის წონის კლება. ამაზე ძალიან ბევრი სპორტსმენი დამეთანხმება. ვარჯიში-ჭამა-ძილი – დრო აღარაფრისთვის მრჩება. ძირითადად, დედაჩემი მეხმარება. მარტოს ყველაფერი გამირთულდებოდა. მშობლების გარეშე არსად დავდივარ. ასე ყველაფერი მიმარტივდება.

დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, დროს როგორ ანაწილებ საყვარელი ადამიანებისა და სხვა აქტივობებისთვის?

ძირითადად, სპორტსმენი მეგობრები მყავს.  ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, დროს ერთად ვერ ვატარებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ, ამ შემთხვევაში, ეს მთავარი არ არის. შეიძლება, წელიწადში ერთხელ ვნახო მეგობრები, მაგრამ ერთმანეთის იმედი ყოველთვის გვაქვს. ჩვეულებრივ დღეებში დღეში ერთხელ ვვარჯიშობ და შაბათ-კვირა თავისუფალი მაქვს. ამ დღეებში ვხვდები მათ და ერთად ვართ.

ძალიან მიყვარს სიმღერა, ვუკრავ ფანდურზე. მეგრული არ ვიცი, მაგრამ ვისწავლე მეგრული სიმღერები. არ მესმის, რას ვმღერი, მაგრამ მეგრული სიმღერები ძალიან მომწონს. ჩემი მეგობრებიც მუსიკალურები არიან და ერთად ვმღერით ხოლმე

რა მნიშვნელობისაა შენთვის ქართველი გულშემატკივარი?

ჩემი ბრძოლები, ძირითადად, ან ჩინეთში იყო ან რუსეთში. უფრო მეტად – რუსეთში. საქართველოს დროშით გამოვდიოდი და რუსეთში ბევრი გულშემატკივარი არ მყავდა. ბოლო ბრძოლას მოსკოვში იმდენი ქართველი დაესწრო… ყვირილი, ქართული დროშები, შეძახილები… როცა უკვე ყველაფერი მტკიოდა და ძალიან ვიყავი დაღლილი, რომ მესმოდა, ასეთი გულშემატკივარი მყავდა, ეს მე ძალიან მაძლიერებდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველების მხარდაჭერა იმიტომ, რომ ქართველი ვარ და მინდა, ჩემმა ხალხმა მიგულშემატკივროს.

რა უახლოები გეგმები გაქვს?

UFC-სთან ხელი მარტში მოვაწერე. მარტის შემდეგ ველოდებოდით დიდ ტურნირს. მენეჯერმა ძალიან კარგად იმუშავა იმისთვის, რომ 7 სექტემბერს მე გამოვსულიყავი. ყველა ამ ტურნირზე საუბრობს. ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. ტურნირი იქნება აბუდაბიში. ეს ყველასთვის საოცნებო ტურნირია და მე ძალიან გამიმართლა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: