შეიძლება ითქვას, რომ ზაფხული ჯერ კიდევ წინ არის. საქართველოში ზაფხული ორი იდეის განხილვას უკავშირდება – ზღვა თუ მთა? არავინ დავობს, რომ საკუთარი უპირატესობები სანაპიროსაც აქვს და მთის კალთებსაც. ზოგს საკუთარი საზაფხულო მოგზაურობა დაგეგმილი ჯერ კიდევ არ აქვს. რას გვთავაზობს ყველაზე პოპულარული კურორტები ჩვენს ქვეყანაში? „თბილისი თაიმსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ესაუბრა. ის საქართველოში ყველაზე მეტად პოპულარულ მთის კურორტებს, მათ განვითარებასა და მიმზიდველობას განსაზღვრავს.

წინა წელთან შედარებით, რა ცვლილებებია მთის კურორტების კეთილმოწყობის მხრივ?

დაარსებიდან დღემდე, კურორტ გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი დაიკავა.  კურორტზე 6 ახალი საბაგირო აშენდა, ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა „ძველი კუდებისა“ და „საძელეს“ საბაგიროებს.  ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდა გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროებმა  გაცილებით მეტი მოთხილამურის გადაადგილება შეძლო – რიგების გარეშე.  დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალი 20%-ით გაიზარდა. 2018-19 წლის სეზონზე სრულიად ახალი გუდაური დახვდათ დამსვენებლებს. ასევე, კობი-გუდაურის სამი ახალი საბაგიროს მშენებლობით, კობი-გუდაური-ყაზბეგი ერთ კლასტერად იქცა. დაემატა საპირფარეშოები, გაკეთდა საპარკინგე ტერიტორიები.

Spend your summer in GEORGIA – აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, რაიმე გეგმები თუ გაქვთ?

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელსაც ეტაპობრობრივად გავახორციელებთ.

ჩვეულებრივ, როგორია ხოლმე უცხოელებისა და ქართველების აქტივობა მთაში დასვენების მხრივ?

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ისე –  საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 – 2018/2019 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი)  578 % -ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა. ეს მხოლოდ ზამთარში. რაც შეეხება ზაფხულს – რადგან არ დასრულებულა ზაფხულის სეზონი, შესაბამისად, სტატისტიკა არ გვაქვს. როგორც კი დასრუდება ზაფხულის სეზონები, აუცილებლად იარსებებს შესაბამისი სტატისტიკა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014 წლამდე მთის კურორტების განვითარების კომპანია მართავდა მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს.

2014 წლის ივლისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანის ერთ-ერთი სასრიალო არეალი – დიდველი მენეჯმენტში გადაეცა კომპანიას. 2015 წელს კომპანიას, ასევე, მმართველობაში გადაეცა კურორტი გოდერძი. კურორტი პირველად კომპანიის მართვაში გადასვლის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.

2017 წლისათვის შპს “საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია” მართავს შემდეგ კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი, დიდველი), გოდერძი, ჰაწვალი და თეთნულდი (მესტია)

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: