თბილისში, გივი ბერიკაშვილის, ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის და მარინე თბილელის სახელობის ქუჩები იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს იმსჯელებს. კერძოდ, გივი ბერიკაშვილის სახელობის ქუჩა მთაწმინდის რაიონში იქნება – ვასილ ბარნოვის II და ერეკლე ტატიშვილის I ჩიხი.

ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთს მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელი მიენიჭება. ასევე ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის შესახვევს, ლამის II ჩიხის და ასპინძის ქუჩის შესახვევის მონაკვეთს მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახელს დაარქმევენ.

ისნის რაიონში, წერნაქის ქუჩის მონაკვეთი მსახიობ ლეილა აბაშიძის სახელობის გახდება. ხოლო ასევე ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევს მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელი მიენიჭება. გარდა ამისა, ისნის რაიონში, მახათას ქუჩას მსახიობ მარინე თბილელის სახელი ეწოდება.

რაც შეეხება ვაკის რაიონს, უნივერსიტეტის ქუჩის მონაკვეთსა და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას რეჟისორ გიორგი დანელიას სახელი მიენიჭება.

საკრებულო ასევე იმსჯელებს მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის ჩიხისთვის და შესახვევისთვის მსახიობ მედეა ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. ხოლო საბურთალოს რაიონში, სერგო ზაქარიაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის სახელის მინიჭების შესახებ.

როგორც საკრებულოს დღის წესრიგშია აღნიშნული, ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო სპორტულ მოედანს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ლევან შათირიშვილის სახელი მიენიჭება.

Please follow and like us: