პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა სალომე ჩიქობავამ განაცხადა.

პროკურატურის ცნობით, უწყებამ გამოიტანა დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ,  რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია  შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით“, – განაცხადა პროკურორმა ბრიფინგზე.

Please follow and like us: