თბილისის მერია 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტამბულიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 200 ერთეულიდან 100 გაზზე მომუშავე, ხოლო 100 ელექტროავტობუსი იქნება.

„მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შესყიდვაზე გამოვაცხადოთ ტენდერი. დაახლოებით, 200 ერთეულზე, საიდანაც 100 იქნება გაზზე მომუშავე CNG და 100 იქნება ელექტროავტობუსი. ელექტროავობუსებზე ველოდებით დასკვნებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გამოვაცხადოთ შესყიდვა ელექტროავტობუსებზე. არ ვიცით, როგორი უნდა იყოს ამ ავტობუსების აკომულატორი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი დამუხტვის სისტემა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში ინტრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი სტამბულში იმყოფება, სადაც ის ISUZU-ს ფირმის ავტობუსებს დაათვალიერებს, რომლის 220 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაში უნდა შემოიყვანონ. კალაძის ინფორმაციით, ავტობუსების შემოყავანა თბილისში მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.

რაც შეეხება MAN-ის ტიპის ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქის მერიას შესყიდული აქვს, ისინი თბილისში აგვისტოს ბოლოს შემოვა.

Please follow and like us: