საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულება მიულოცა და დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შეჯამებისას, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა წარმატება უსურვა თითოეულ აპლიკანტს. მან მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, “ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებასა და დასრულებაში”.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.
შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
წლევანდელ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი – 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82% გამოცხადდა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წელს საგამოცდო პროცესში ცვლილებები შევიდა – ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
უკვე დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.
რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელს, რომელიც 2020 წლიდან შედის ძალაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.