მივატოვეთ მიწა, დედასთან გაიგივებული მიწა…

მიწამ დამდურება იცის, ახლა მაგას შემორიგება უნდა…

მარტოობა მაშინაა რთული, როცა ამას შენ არ წყვეტ… ის ყოველთვის ამართლებს ცრემლებს. ამართლებს მაშინ, როცა საყვარელი ადამიანები შენ გარშემო ვერ ტრიალებენ. ალეკო მშვილდაძე შვიდ ათეულზე მეტი წლისაა, სოფელ ობჩაში ცხოვრობს. ცხოვრობს მარტო, დიდ სახლში, უზარმაზარ მიწაზე. ცხოვრობს ერთი, მაგრამ ბევრს უყვარს, ბევრის იმედი აქვს და ისიც ბევრს ეიმედება.

ბატონი ალეკოს შესახებ არაფერი ვიცოდი. ობჩის სიახლოვეს მყოფს მითხრეს, რომ მასზე აუცილებლად უნდა დამეწერა. თურმე, აქ ცხოვრობს მოხუცი კაცი, გამორჩეული ხის ნაკეთობების შექმნითა და ამ საქმის სიყვარულით. გამორჩეული მიწის სიყვარულით. ბევრი ვეძებე მისი სახლი. ზოგმა იქეთ მიმასწავლა, ზოგმა – აქეთ. ბატონი ალეკო სახლის გარშემო შემორტყმულმა ღობემ გასცა – გემოვნებიანი და დახვეწილი ხელნაკეთი ღობე აუცილებლად მისი უნდა ყოფილიყო.

დაახლოებით 50 წელია, რაც ჩემი მასპინძელი ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ღობიდან დაწყებული სახლის აივნით დამთავრებული – ყველაფერი მისი ხელითაა გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველაფერი ათწლეულებს ითვლის, ყოველი დეტალი მაინც ამხელს   მოხუცის ნიჭსა და მონდომებას.

ნამუშევრებს ხისგან ამზადებს. ყველა ძვირფასი ხიდან ის ურთხმელს გამოარჩევს. ერთი პერიოდის მანძილზე, ამ მასალისგან, საათის ციფერბლატებსაც ამზადებდა. ამზადებს სასმისებს, დეკორატიულ ნივთებს, დოქებს… გარდა ამისა, ბატონო ალეკოს შემოქმედი ხელი აივნის, კარების, კედლებისა და მთლიანი სახლის ყველა დეტალში იგრძნობა – გამოკვეთილი და დახვეწილი ორმანენტები. სტუდენტობის დროს ვარდებს ამზადებდა – იმ ვარდებს, რომლებსაც ბევრი იმ დროს ტახტებთან კიდებდა. მაშინ ამ ვარდებს ბევრი ითხოვდა.

ხისგან ნივთების დამზადება  სტუდენტობის პერიოდში  მისთვის შემოსავლის წყარო იყო. უამრავი წლის შემდეგ კი, “ხანდისხან”, სხვების გულის გასახარად ამზადებს. ობჩის ეკლესიაში მას საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც ჰქონდა. ამავე ეკლესიაში  ბატონო ალეკო  სამუშაო იარაღებს ინახავს.

ბავშვებს ხელსაქმეს ასწავლით?

ეს არის მთავარი, თუ არა… ყველაზე დიდი და საინტერესო პიროვნებაში რა არის? ხალხი იმდენად იმიტომ კი არ გაფასებს, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ, ყველაზე მეტად იმით გაფასებს, რაფერ ასწავლი სხვას. ეს არის მთავარი.

მონდომებული ბავშვები მოხუცს სულ ხელებში უცვივდებიან, არ აცდიან საკუთარ საქმეს. მოხუცი მათ  ყოველ კვირას  ობჩის ეკლესიაში ასწავლის ნივთების მზადებას – იმ ეკლესიაში, რომელშიც ის სამუშაო იარაღებს ინახავს…

ბატონო ალეკო საკუთარი საქმის სიყვარულს ძალიან საინტერესოდ აფასებს: “ბუნებაში რომ გადიხარ და რაღაცას შეადარებ ფერს, იმ ღამეს ძალიან ტკბილად გძინავს. ამას შენ მერე აღიქვამ და იტოვებ მას რელიქვიად. რასაც ნახავ ბუნებაში, პატარა რაღაცას მიამატებ, პატარა რაღაცას გამოაკლებ იმ ფერს. კარგად გაალამაზებ, ზოგისგან შანდალს გააკეთებ და მოსაგონრად გექნება. იმდენ ოჯახში მივსულვარ და მინახავს ჩემი ნაჩუქარი ნივთი…”

ამზადებს ბუნებისგან, ამზადებს ბუნებისგან შექმნილი რაღაცებისგან. დღევანდელი ჩემი მასპინძელი ღიმილნარევი ხმით ამბობს, რომ მისთვის ბევრი რაღაც მოუპარავთ, რაც სიამოვნებს მას.

ფიქრობს, რომ მიწის არცოდნა ვერ გამართლდება, თუ ამ მიწაზე დაიბადე. ადამიანი სადაც დაიბადა, იქ უნდა იცხოვროს, ის საქმე უნდა აკეთოს, რისთისაც შეიქმნაო, ამბობს. “ყველამ რომ თოხი და ბარი დაიჭიროს ხელში, რუკაზე გავქრებით. მაშინ, მე რა ვაკეთო?!”

კაპიკი არ მინდა, ოღონდ ახალგაზრდებს ვაზისა და ხეხილის მყნობა ვასწავლოო, ოღონდ ვინმეს მიწამ დააინტერესოო… ჩემი ხნის ხალხი ზედმეტად შეყვარებულია მიწაზეო, მას ზუსტი დრო აქვს და ყველაფერი ზუსტად თავის დროზე უნდაო…

“უნდა ახსოვდე ადამიანს. არ არის აუცილებელი სხვა რამე”.

ეროვნული არ უნდა დავკარგოთ. “სამშობლოს სიყვარულით უნდა დამეწყო საუბარი…”

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: