ბუნებასთან ზოგს როგორი დამოკიდებულება აქვს, ზოგს – როგორი; თუმცა, რთული მოსაძებნია ადამიანი, რომელსაც ზღვა, მთა, სიმწვანე, სიმშვიდე, დასვენება – რომელიმე მაინც შვებას არ გვრიდეს. ერთდროულად ხმაური და სიწყნარე, სიცივე და თბილი ნიავი, მზე და წვიმა – საქართველოში თავისუფლად არის შესაძლებელი, ერთი მოცემულობიდან თავი მეორეში ამოყო. განსაკუთრებულად სასიამოვნო კი ის ფაქტია, რომ ტურისტებს აქვთ მოლოდინი, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუმრობით მოლოდინები არ გაუცრუვდებათ და საქართველოს მთებში დასვენების დღეების გატარებას არ ინანებენ.
ჩვენი ქვეყნის მთიანი ტერიტორია ზოგს გამორჩეულად უყვარს. ყოველი მოგზაურობისას ეს ადამიანები ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ და ცდილობენ, ეს სივრცეები სხვებმაც ნახონ. საბა სახვაზე „თბილისი თაიმსს“ თავად მოუყვება, რატომ არის საქართველოს მთიანი ტერიტორია გამორჩეული.
რა გაკავშირებს მთასთან?
მთა პირველად სკოლის დაწყებითი კლასების პერიოდში გავიცანი. ვეებერთელა და მიუწვდომელი მთებით გარშემორტყმულ მინდორზე დგომისას განსაკუთრებული გრძნობით ავივსე. სულიერი კავშირი, რომელიც მაშინ ვიგრძენი, ყოველი მოგზაურობისას სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება.
დამოუკიდებლად უკვე რამდენიმე წელია, რაც მთებში დავდივარ სალაშქროდ.
რას გიყვარს მთაში გამორჩეულად?
მთაში თავისუფლებაა, ამ გრძნობას აქ გამორჩეულად განიცდი. აქ ყველაფერი განსხვავებული,იდუმალი და საინტერესოა – მთვარის შუქზე მწვერვალებით გარშემორტყმულკოცონსა და მეგობრებთან ერთად. აქ მხატვრულად შეიძლება, უფრო გაიზარდოს ადამიანი – მთა, კოცონი, ბუნება, მეგობრები, ჩიტები ვარსკვლავები, სიწყნარე…
მთა ცხოვრებას მაგონებს, ანუ როცა მთაზე ადიხარ, გგონია, რომ სულ ცოტა დარჩა. როცა უკვე მწვერვალს მიაღწევ და ზუსტად მაშინ, როცა უკვე პიკზე ხარ, აცნობიერებ, რომ წინ კიდევ გზა გაქვს გასავლელი და ასე გრძელდება – ისე, როგორც ცხოვრებაში არ იცი, წინ რა გელოდება, ერთი მწვერვალის მერე რა დაბრკოლება დაგხვდება.მთაშიც სულ წინაა სიარული საჭირო და, რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო რთულია წინსვლა ისევე, როგორც – ცხოვრებაში. ეს მსგავსება მხიბლავს და მიზიდავს.
რა ახასიათებს საქართველოს მთებს განსაკუთრებული და გამორჩეული?
თითოეული მთიანი რეგიონი გამორჩეულია როგორც კულტურული თვალსაზრისითა და ცხოვრების სტილით, ისე – გეოგრაფიულად. განსხვავებულია მწვერვალები და ბუნება. რეგიონის თითოეული სოფელიც კი განსხვავებულია თავისი ცხოვრების სტილით თუ ნაგებობებით – კოშკები და სახლები. გამორჩეული ჩემთვის მაინც თავისუფლების გრძნობაა. მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და სხვა ქვეყნების მთიანი მხარეები მრავლად მინახავს, თუმცა იმ გრძნობასთან, რასაც საქართველოს მთებში ვგრძნობ, ახლოსაც ვერ მოვა იქაური შეგრძნებები. მოკლედ რომ ვთქვა, ეს გრძნობა, რომელიც სხვაგან არსად გეუფლება და ის მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს მთებშია, არავის აქვს.
ჩვენს ქვეყანაში თუ გამოარჩევ რომელიმე მთიან რეგიონს და რის გამო?
ალბათ, სვანეთს – საინტერსო დიალექტისა და წეს-ჩვეულებების გამო. მაგრამ რითაც მე დამატყვევა, ის მასობრივი მთები და მწვერვალებია, რომელთა მსგავსიც ნანახი არ მაქვს. დილით და საღამოს ეს მწვერვალები რომ აწითლდება და სხვადასხვა ფერს იღებს, საოცარი სანახავია – სიდიადე, მიუწვდომლობა, ურყევადობა – ყველაფერი ჩანს – საშიში და, ამავე დროს, მიმზდიველი.
რატომ უნდა ნახოს უცხო ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველოს მთიანი ტერიტორია?
ვფიქრობ, მთავარი, რატომაც იზიდავს ტურისტს ჩვენი მთიანეთი – ბუნებისა და ადამიანის თანაცხოვრების საოცარი მაგალითია, სხვაგან ვერსად შევხვდებით, 2000 მეტრზე ასე ჰარმონიულად ცხოვრობნენ ადამიანები, როგორც ჩვენს მთებში. თითქოს, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მთის ხალხს მთების მიმართ. ამ დამოკიდებულების შედეგად იქმენა ის ადათ-წესები და ცხოვრების სტილი თუ კულტურა, რომლის ნახვაც საოცარ შთაბეჭდილებებს გვრის უცხოელ სტუმარს. მთაში განსხვავებულად იციან სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობა.
ტრადიცია, ადათი – რომლებს გამოარჩევ?
რა თქმა უნდა, სტუმართმპასმინძლობას. საოცარი მასპინძლობა იცის მთის ხალხმა.
როგორ ფიქრობ, როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველოს მთამ სიცოცხლისუნარიანობა?
მრავალი სოფელია დაცარიელებული რთული საცხოვრებელი პირობების გამო. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მთაში ინფრასტრუქრუტის განვითარება. საციცოცხლოდმნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს მთას და მომავალი თაობა ქალაქში არ გამოიქცეს. სათანადო პირობები უნდა შეიქმნას და განვითარდეს ტურიზმი, რომ ხალხს არ მოუწიოს მთის დატოვება და მათ ფინანსური სარგებელი ნახონ იმაში, რაც საუკეთესოდ გამოსდით და შინაგანად არსებობს მთაში – მასპინძლობა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე