თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სამოქმედო გეგმა მომავალი 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დეტალურ ღონისძიებებს ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დასანერგად.

ასევე ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირების ხელშეწყობას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებული სისტემის განვითარებას, სეპარაციაზე ეტაპობრივ გადასვლას, ნაგავშემკრები მანქანების ქაოსური გადაადგილების აღმოფხვრას, კონტეინერების დამატებით განთავსებას, ინერტული და სხვა სამშენებლო ნარჩენების სწორად მართვას, ასევე, დანაგვიანებაზე კონტროლის გამკაცრებას.

ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც. სწორედ ამ მიზნით, თბილისის სხვადასხვა მისამართზე უკვე განთავსდა სეპარირების სტენდები და ურნები, სადაც ნარჩენების დახარისხებაა შესაძლებელი. აქვე, ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გათვალისწინებულია სეპარირების მიწისქვეშა ურნები.

5-წლიანი სამოქმედო გეგმის პარალელურად, მუნიციპალიტეტი იწყებს მუშაობას 15-წლიან სტრატეგიაზე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოდელს დანერგავს.
გეგმის დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში, სადაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, საკრებულოს მხარდაჭერით, მოეწყო გეგმის საჯარო განხილვა.

Please follow and like us: