ზომები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მიიღო ფრენების შეწყვეტის შესახებ, იყო არაპროპორციული პასუხი ამ ყველაფერზე და ახლა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ურთიერთობები დასტაბილურდეს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აკრძალვა ფრენებზე და ნება დართოს თავის მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აღდგეს ხალხთაშორის კონტაქტი, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც საქართველოს მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები შედის როგორც ქართველი, ასევე რუსი ხალხის ინტერესებში. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია, რომ ზაფხულს ვატარებ საქართველოში და ამერიკის საელჩო მოხარულია, რომ მხარს უჭერს კამპანიას „გაატარე ზაფხული“ საქართველოში, რადგანაც მიგვაჩნია, რომ საქართველო არის უსაფრთხო, მეგობრული და სტუმართმოყვარე ქვეყანა, სადაც ჩამოდიან სტუმრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ასევე მნიშვნელოვანია რომ საქართველომ იმუშაოს ტურისტული ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ტურისტული ბაზრის კიდევ უფრო დივერსიფიკაციაზე. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები USAID ის ახალი ეკონომიკური განვითარების პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია სწორედაც ტურიზმის განვითარების მხარდაჭერაზე“, – განაცხადა რუდმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის და მათ შორის, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.
„ მეორეს მხრივ, უბრალოდ ფაქტია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მილიტარიზაცია არის მიუღებელი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას ამ რეგიონებში და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზეწოლასთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება ადრეც ჰქონია
„პასუხი კი არის :ბაზრების დივერსიფიცირება, ასევე ხარისხის გაზრდა, უფრო მეტი ინვესტიციების მოძიება და მოზიდვა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ზუსტად ეს არის საქართველო ამერიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს არის ის შედეგები,რის მიღწევასაც ვცდილობთ ეკონომიკურ სფეროში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარების პროგრამების მეშვეობით“, – განაცხადა რუდმა.