საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები საქართველოში 8.0 პროცენტით გაძვირდა.

დღეს გამოქვეყნებული, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი  – 18.2 პროცენტი, თევზეული  -16.3 პროცენტი, პური და პურპროდუქტები  – 12.4 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული  -11.0 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.3 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი – 6.5 პროცენტი, ასევე მინერალური და წყაროს წყალი – 4.7 პროცენტი.

ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე წლიურად 3.4 პროცენტით.

ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში გაძვირებულია თამბაქო – 29.1 პროცენტით. ამასთან, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.8 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.4 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 8.4 პროცენტით, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 4.9 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე – 2.1 პროცენტით.

დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები გაზრდილია 6.2 პროცენტით. 6.6 პროცენტით გაძვირდა გასართობი და კულტურული მომსახურება.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 3.9 პროცენტით. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა  – 5.8 პროცენტით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება – 3.6 პროცენტით და საავადმყოფოების მომსახურება – 1.7 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.9 პროცენტამდე გაიზარდა, თამბაქოს გარეშე კი, 4.2 პროცენტამდე. ამასთან, 2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა.

Please follow and like us: