გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებბმა 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად უკანონო ნადირობის 100-ზე მეტი ფაქტი დააფიქსირეს.
სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ნადირობის 5, ქვემო ქართლში 1, სამცხე-ჯავახეთში 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 9 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 30 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით 88 ადმიანმა ინადირა. ჯამში, 10 დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.