„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენციაა,“ – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი განცხადებით, სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენციაა. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას. ამ ეტაპისათვის საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამიჯნულია. ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გამიჯვნა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. ასევე, დაწყებულია საუბნო მიმართულების გარდაქმნა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობად. შესაბამისად, ინერგება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს თბილისის კრიმინალურ პოლიციაში, კერძოდ მართლწესრიგის ოფიცრები უკვე მუშაობენ ვაკე-საბურთალოს რაიონში. მართლწესრიგის ოფიცრების უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობაა. აღნიშნული რეფორმა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კერძოდ, დღეს თავიანთ პროგრამას წარადგენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

Please follow and like us: