საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე, ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების მთავარი მიზანი ნატო-სთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა იქნება.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე, ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი, ისტორიული შედეგი სახეზე გვაქვს. ევროპამ, შეიძლება ითქვას, რომ ფართოდ გაგვიხსნა საზღვრები და უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებას. მოგეხსენებათ, გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამდე ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით, ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და ნატო-სთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.

Please follow and like us: