შს სამინისტროში ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც ემსახურება სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

„სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზნით, სამინისტროში არაერთი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სისტემაში ახალი მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. ანაზღაურება გაეზარდა 22 ათას თანამშრომელს, მათ შორის ოპერატიული მიმართულებით მომუშავე პირებს, დაცვის პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს. ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ყოველივე ზემოხსენებული ემსახურება სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას. თუმცა, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმის ფარგლებში იგეგმება შემდგომი აქტივობები. ჩვენ ვგეგმავთ, გავაუმჯობესოთ სამსახურში მიღების წესი. პოლიციის აკადემიის ბაზაზე პერმანენტულად განხორციელდება სამინისტროს თანამშრომლების მომზადება/გადამზადება. განვითარდება საგანმანათლებლო პროგრამები საპოლიციო საქმიანობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების ადეკვატურად. კარიერული წინსვლა დაეფუძნება ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას. პოლიციელთათვის გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები და ეტაპობრივად გაიზრდება მათი ანაზღაურება. ამასთანავე, განვითარდება სტაჟირების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამინისტროში მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Please follow and like us: