საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ჰქონდა პროექტი ტყვიის საწარმოს მშენებლობის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ მან პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს უდიდესი გამოწვევა ოკუპაციაა და ამის ფონზე, ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რომ ქართული ჯარი ძლიერი იყოს:

“რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგაა მიმართული. არამედ ჩემი სურვილი – სამხედრო მრეწველობის განვითარება, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ისევე როგორც სხვა სამინისტროები – შსს თუ სხვა თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ჩემი ჯერ კიდევ მინისტრობის და შემდეგ პრემიერმინისტრობის დროს, მქონდა ერთ-ერთი მთავარი პროექტი – ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და უნდა დავიწყოთ დღესვე, რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის უწყება მისი მინისტრობის დროს კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები კიდევ უფრო ძლიერი გახდეს. ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლევან იზორიას მადლობა გადაუხადა “ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც გასწია თითქმის სამი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში. მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებას. რაც მოვისმინე, ძალიან ბევრი გააკეთა ამ სამინისტროში”.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს ქართული  ჯარი.

Please follow and like us: