ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9″ ეპიზოდების გადაღებები 8-დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაინაცვლებს. უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

თავდაპირველად, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან შესაძლებელი იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

მერიის ცნობით, დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. N88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული N192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება. N99 ავტობუსი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მე-4 მიკრორაიონში და კაპანელის ქუჩაზე, N1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება.

გადაღებების პერიოდში მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ „დელისამდე“ დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც მგზავრებს ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით მეტროსადგურ „დელისამდე“ მიიყვანს. N63 და N107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები არ შეიცვლება. 10 სექტემბერს, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე.

შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ. შესაბამისად, 10 სექტემბრის 11:00-დან 20:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონის, ასევე სოფლების: თხინვალასა და ლისიდან როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები N63, N99 და N107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

ამავე დღეს, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი N88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „დელისი“ განისაზღვრება, რადგან 12-მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები ბერიტაშვილის ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

Please follow and like us: