სრულად, ეფექტურად უნდა ავამუშავოთ სახელმწიფო ბიუროკრატია იმისათვის, რომ ყველა დაგეგმილი კარგი ინიციატივა, როგორც შედეგი, ჩვენს თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გაზომვადი შედეგები.

„ჩვენ ბევრი კარგი ინიციატივა და გეგმა გვაქვს. ახლა არის დრო, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე, მათ შორის გაზომვადზე დროში. ჩვენ სრულად, ეფექტურად უნდა ავამუშავოთ სახელმწიფო ბიუროკრატია, იმისათვის, რომ ყველა დაგეგმილი კარგი ინიციატივა, რაც გვაქვს, მივიტანოთ და მივიყვანოთ, როგორც შედეგი თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე. ეს არის ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა – საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მაქსიმალურად სწრაფად, გაზომვადი შედეგები ვაგრძნობინოთ მოსახლეობას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

Please follow and like us: