ცხოვრებაში საკმაოდ რთულია საკუთარი ადგილის და საქმის პოვნა. ამას ერთეულები თუ ახერხებენ, მით უფრო, მაშინ როდესაც საქართველოში ცხოვრობ და სტერეოტიპებით დაღდასმული პროფესიების არჩევანი ქალებისთვის არც თუ ისე მრავალფეროვანია.

წლების წინ სამხატვრო აკადემია არქტიტექტორის პროფესიით დაასრულა, თუმცა მალევე შექმნა ოჯახი და შვილის გაჩენის შემდეგ ახალი ჰობი, შემდეგ კი სრულიად ახალი და ზუსტად მისთვის შესაფერისი საქმიანობა იპოვა.

დღეს ნუცა ზურაბიშვილი 30 წლისაა, ასპირია ფიტნესის ვაკის ფილიალის მენეჯერი და ინსტრუქტორია და თავის მეუღლესთან ერთად სპორტის საკმაოდ საინტერესო სფეროთი- ბოდიბილდინგითაა დაკავებული.

ნუცამ მეუღლე, სპორტსმენი და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი  ლევან გობეჯიშვილი 11 წლის წინ სამხატვრო აკადემიაში გაიცნო.  სწორედ მისი რჩევით დაიწყო სპორტდარბაზში ვარჯიში, მალევე ფიტნესი მის მთავარ საქმიანობად და მოწოდებად იქცა. რთული გზა გამოიარა, დღემდე ამ რთულ გზაზეა და მაინც არც სტერეოტიპები და არც სიმძიმეები არ აშინებს, ზუსტად იცის რა უნდა, როგორც უნდა, რატომ უნდა და კიდევ უფრო დიდი მონდომებით აგრძელებს პროფესიით ხელოვანი საკუთარი სხეულის გამოძერწვას.

როგორ შეხვდნენ მის ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები  და როგორია ქალი ბოდიბილდერის ოჯახური იდილია, ამ და სხვა თემებზე ნუცა „თბილისი თაიმსს“  ესაუბრა.

გთავაზობთ ნუცა ზურაბიშვილის ნაამბობს.

„ სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მალევე გავაჩინე ბავშვი. ჩემმა მეუღლემ , რომელიც  სპორტსმენია, შემომთავაზა ფორმების დაბრუნება ვარჯიშით.  სწორედ მაშინ დავკავდი ფიტნესით და ისე გამიტაცა ამ საქმემ რომ პროფესიად ვაქციე. თავიდან ჩემს მშობლებს ძალიან გაუკვირდათ, რომ ასე ჩამითრია ამ სფერომ, თუმცა დროთა განმავლობაში შეეგუენ, რადგან მიხვდნენ რომ ჩემი საქმე ვიპოვე.

იმ შედეგებამდე და ფორმებამდე, რაც დღეს მაქვს, საკმაოდ გრძელი და რთული გზა გავიარე. თავიდან ყველაფერი ადვილად მისაღწევი მეჩვენებოდა, თუმცა 2015 წლიდან დღემდე შევიცვალე კატეგორია – მანამდე გამოვდიოდი ფიტნეს ბიკინის კატეგორიაში, შემდეგ მივხვდი რომ ბოდი ფიტნესის კატეგორია უფრო ახლოს იყოს ჩემთან და ბევრი შრომის და თავდადების შემდეგ მივაღწიე ამ კატეგორიამდეც. ამ დროს დიდ როლს გენეტიკური მახასიათებლებიც თამაშობს, რომელიც უნდა ჰქონდეს სპორტსმენს. ძალიან დიდი შრომა, ძალიან ბევრი საათი ვარჯიში და სწორად შერჩეული კვების რაციონი, რომელიც საკმაოდ მკაცრია, დამეხმარა შედეგის მიღწევაში. ეს გზა ნამდვილად რთული იყო, მაგრამ ამ გადასახედიდან ნამდვილად ღირდა ჩემი წვალება ამად.

ამჟამად ვსაქმიანობ ფიტნესში და ვარ მენეჯერი და ინსტრუქტორი. ადგილობრივი ტურნირების პარალელურად აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო შეჯიბრებშიც. ბოლო ტურნირი იყო საქართველოს გრანპრი, რომელიც პირველად ჩატარდა, როგორც საერთაშორისო ტურნირი საქართველოში  და იყო ნამდვილად დიდი წარმატება და მიღწევა, რადგან ამ დონის შეჯიბრი ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში.  ეს იყო დიდი შესაძლებლობა და გამოწვევა და ავიღე პროფესიონალური ლიგის ბარათი ანუ პროკარტა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეჯიბრზე ერთადერთი პროფესიონალი ბოდიბილდერი ქალი გახლდით მე.

როგორც ქალ ბოდიბილდერს მომიწია ბევრი სირთულის გადალახვა. ალბათ, უფრო მეტი სირთულის გადალახვა მომიწევდა, ბევრს რომ ვფიქრობდე იმაზე, სხვა რას იტყვის. თუმცა ეს პრობლემები ნაკლებად მაწუხებს. დიდად არ მაღელვებს კრიტიკა და ნეგატიური დამოკიდებულება  ჩემი დაკუნთული სხეულის მიმართ. იმიტომ რომ ამის პარალელურად მაქვს ძალიან ბევრი პოზიტიური გამოხმაურება და მთავარი ისაა, რომ მე, ჩემს მეუღლეს და მსაჯებს, რომლებიც აფასებენ ჩემს ვიზუალს შეჯიბრებებზე, მოგვწონს ჩემი ნავარჯიშები სხეული.

ვარ წარმატებული ქალი, მიმაჩნია, რომ ვარ ბედნიერი და ძლიერი არა მხოლოდ გარეგნულად, ასევე შინაგანად. მყავს საუკეთესო მეუღლე და შვილი, მაქვს საქმე, რომელშიც ვარ სრულად ჩაფლული და ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა ბედნიერებისთვის ?!

ისე გამოვიდა, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის სასიყვარულო ურთიერთობებმა სახლიდან სპორტდარბაზში გადმოინაცვა. საინტერესოა, როდესაც წყვილი ერთი პროფესიის წარმომადგენელია. დარბაზში უმეტესი დროის ერთად გატარება და ერთად ვარჯიში დიდი სიამოვნებაა ჩვენთვის. ჩემი მეუღლე, ვფიქრობ, რომ ერთერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც არ შემხვედრია პრობლემები კარიერაში. ლევანი მუდმივად გვერდში მიდგას და მამხნევებს, მხარს მიჭერს, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.  მას ჩემი სჯერა და ეს მაძლევს უდიდეს მოტივაციას შრომისა და წარმატებისთვის.

იმ გოგონებს, რომელბსაც სურთ ბოდიბილდერობა და ბევრი წინააღმდეგობის ან სირთულის გამო ვერ გაუბედავთ საკუთარი სურვილების განხორციელება, მინდა რამდენიმე რჩევა მივცე. პირველ რიგში ვიტყვი ,რომ ეს არ იქნება ადვილი გზა, არა მხოლოდ სტერეოტიპების, არამედ თვითონ საქმის სირთულის გამოც. ნებისმიერი ადამიანისთვის ეს უნდა იყოს მთავარი საქმე, რომელსაც მიუღძვნის თავის თავს და გულს ჩადებს მის კეთებაში. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სტერეოტიპებს და მოსაზრებებს ქალის კუნთიან სხეულთან დაკავშირებით, რადგან ყველაზე მთავარი და ღირებული არის საკუთარი საქმის პოვნა და მისი სიყვარულით კეთება. სტერეოტიპების დამსხვრევა აუცილებელია,  სურვილებით და ოცნებებით დაანგრიეთ იგი და იცხოვრეთ ისეთ სამყაროში, როგორზეც ოცნებობთ.

სამომავლოდ საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს. ვაპირებ საერთაშორისო ტურნირებზე გასვლას, ზუსტად არაა გადაწყვეტილი რომელზე, კალენდარზე ბევრი ასეთია და პროფესიული ლიგის შეჯიბრებებს შევარჩევთ  მალევე. თებერვლიდან აქტიურად დაიწყება შეჯიბრებების სეზონი და მეც იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გაგახარებთ ჩემი შედეგებით და წარმატებებით.”

 

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: