საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვის 20-21 ოქტომბერს კახეთში კულტურული ტური გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები თელავის რ-ნში მდებარე შუხმანის ღვინის ქარხანას მოინახულებენ.
სამინისტროში „თბილისი თაიმსს“ განუცხადეს, რომ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია დაესწრებიან. საქართველოში აკრედიტებული ელჩებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კერძოდ ღვინის ეროვნული სააგენტო „რთველი 2013“-ის პრეზენტაციას გამართავს. სააგენტო ელჩებს ინფორმაციას მიაწვდის რთველის შედეგების თაობაზე.
„რთველი 2013“-ის პრეზენტაციის შემდეგ, ელჩები შუხმანის ღვინის ქარხანას და ეზოში მოწყობილ ეთნიკურ კუთხეს დაათვალიერებენ. გაეცნობიან თუ როგორ ზეიმობენ საქართველოში რთველს, მოსავლის აღებას, ელჩები უშუალოდ ჩაერთვებიან რთველის შემდგომ ტრადიციაულ აქტივობებში. დიპლომატები ადგილობრვ გლეხებსაც შეხვდებიან.
კახეთში ტურის ფარგლებში ელჩები ასევე ესტუმრებიან ლოპოტას ტბას და „Chateau Mere“-ს. დაესწრებიან თელავის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის, მსგავსი სახის შემეცნებითი ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ყოველი წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე მოაწყოს, ამგვარად, დიპლომატები შეძლებენ უკეთ გაეცნონ ქვეყნის კულტურას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, იქ არსებულ ტრადიციას და შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
19.10.13