ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰოლანდიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლები დაიწყო. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეინდჰოვენის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. პირველი რეისის მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

დღეიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.

Fot. Tomasz Kawka/East News Katowice Pyrzowice 09.08.2018 Lotnisko Katowice Airport – Katowice Pyrzowice w Pyrzowicach.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, „AIRBUS A 320“ ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, Wizz Air ბაზრის ლიდერი გახდა.

Please follow and like us: