როგორ შეიძლება შეფასდეს აბიტურიენტის განათლების დონე და რა ფორმით უნდა გადაწყდეს სტუდენტთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესი?
ეს ის კლასიკური დილემაა, რომელიც ქართული განათლების სისტემაში დიდი ხანია დგას. 2005 წლიდან მოყოლებული ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდად ერთიანი ეროვნული გამოცდები მიიჩნევა. ეს არის გამოცდების სერია, რომელსაც აბიტურიენტი გადის რათა სწავლა გააგრძელოს უნივერსიტეტში. შეფასების ამ ფორმის უპირატესობას, როგორც შესაბამის უწყებებში აცხადებენ, წარმოადგენს სამართლიანი და გამჭირვალე პრინციპები.
თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების, როგორც განათლების საზომის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არსებობს. ყოველი სასწავლო წლის დასასრულს და საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლი იმატებს, ამის მიზეზი კი სხვადასხვაგვარია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საბოლოო მონაცემებით, წელს 8 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა დაახლოებით 71 %-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცდებში მონაწილეობისთვის 41 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე , მათი 95 % კი გამოცდებზე გამოცხადდა.
დიდი აჟიოტაჟი და კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ ვარიანტში გამსვლელი ბარიერის 18 ქულიდან ცხრამდე დაწევას. როგორც NAEC-ში განმარტავენ, ეს ცვლილება ტესტის სირთულემ განაპირობა.
მომავალი წლიდან ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება. ერთი მხრივ შემცირდება გამოცდების რაოდენობა და აბიტურიენტებს ოთხი სავალდებულო საგნის მაგივრად სამის ჩაბარება მოუწევთ. გარდა ამისა ტესტის ფორმატით შემოწმდება არა მხოლოდ აპლიკანტის თეორიული ცოდნა, ასევე მისი კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები. რა საჭიროებებმა განაპირობა ერთიანი ეროვნული გამოცდის მოდელის შეცვლა და რამდენად ეფექტური იქნება იგი ქვეყნის განათლების სისტემისთვის, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსთან” ისაუბრა განათლების საკითხების სპეციალისტმა ნათია გორგაძემ.
„წლევანდელი გამოცდების შეფასებისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით ბოლო წლების განმავლობაში სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. წინა წლებშიც აბიტურიენტების დაახლოებით 70% გახდა სტუდენტი. შესაბამისად, ეროვნული გამოცდების სისტემაში წლევანდელი წელი ამ მხრივ გამორჩეული არ ყოფილა.
ტესტებში ქულების ცვლილებაც და ბარიერების აწევ-დაწევა არ არის პირველი შემთხვევა საგამოცდო სისტემაში. ეეგ-ის განხორციელების პირველ წლებში, სამივე საგანში მაქსიმალური ქულა იდენტური იყო, ბარიერი კი, 15%. მომდევნო წლებში, მაქსიმალურ ქულათა სისტემა სხვადასხვა საგნისათვის სხვადასხვა გახდა. ასევე შეიცვალა მინიმალური ბარიერებიც. ბარიერი ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი, 25%-ზე ავიდა, ხოლო მაქსიმალურ ქულათა სისტემა კი შემცირდა 80-მდე. ის, რომ საგამოცდო საკითხების რაოდენობა და ბარიერები სხვადასხვა წელს განსხვავებულია, თვისობრივად არ ცვლის გამოცდის ფორმატს, საგამოცდო საკითხების შინაარსს და აბიტურიენტისაგან მოთხოვნილი უნარების შეფასების კრიტერიუმებს.
რაც შეეხება მომავალი წლიდან დაგეგმილ რეფორმებს, სავალდებულო გამოცდების რაოდენობრივი შემცირება თავისთავად პოზიტიური ტენდენციაა, განსაკუთრებით იმ ტიპის ცვლილებით, რომელიც მაღალ სააზროვნო უნარების წამოწევას გულისხმობს და იმ შემთხვევაშიც, თუ უნივერსიტეტები თავად დაიწყებენ ზრუნვას კონკრეტული პროგრამებისათვის კონკრეტული ტიპის მოთხოვნები წამოაყენონ, რომელიც თვისობრივად, ფორმატით და კვალიფიკაციისა და ცოდნის კუთხით იქნება განსხვავებული და შესაძლებელს გახდის, რომ აბიტურიენტების უნარებისა თუ ცოდნის შეფასება სასკოლო განათლებას უფრო მჭიდროდ და უშუალოდ დაუკავშიროს. ეს ასევე ზრდის შესაძლებლობებს, რომ სასკოლო განათლების პროცესში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, მოსწავლეების ყურადღება გამოცდების ტესტებისთვის მომზადების პროცესიდან, სხვა, უფრო მრავალმხრივ, სასარგებლო, მიზნობრივ და ინტერესებზე დაფუძნებულ აქტივობებზე გადავიდეს.
ეს ასევე ზრდის შანსს, რომ უნივერსიტეტები სხვადასხვაგვარ სასკოლო გამოცდილებას გაითვალისწინებენ კონკრეტულ პროგრამაზე მიღების პროცესში. ამით ასევე უკეთ გამოიკვეთება უნივერსიტეტების ხედვები და მიზნები. თუმცა, რეალურად საგამოცდო სისტემა ძალიან მჭიდრო კავშირშია განათლების სისტემის სხვადასხვა ასპექტთან და ცვლილებები არა მხოლოდ გამოცდების რაოდენობას და ტექსტებში მინიმალურ ზღვარს, არამედ სისტემურ და კომპლექსურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
მიმაჩნია, რომ ზოგადად ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემამ ძალიან პოზიტიური, გარდამტეხი როლი ითამაშა უმაღლესი განათლების სისტემაში კორუფციის დამარცხების და ყველა აბიტურიენტისათვის სამართლიანი და თანაბარი შეფასების მიღების კუთხით. ასევე არ ვფიქრობ, რომ კითხვების ნიშნები არსებობდეს გამოცდების არსებული ფორმატით ადმინისტრირების მაღალპროფესიონალიზმთან და ხარისხთან დაკავშირებით. აზრთა სხვადასხვაობა მეტწილად უკავშირდება იმ უთანასწორო მდგომარეობას, რომელშიც აბიტურიენტები იმყოფებიან სხვადასხვა სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით (საცხოვრებელი ადგილი, შემოსავალი, სოციალური სტატუსი, ა.შ.) და რომელიც ცხადად აისახება სტატისტიკაში. განსხვავებული ხედვები ასევე უკავშირდება სამართლიანობას, რომელიც სტუდენტების საჭიროებებსა და რეალურ შესაძლებლობებს ეხება სწორედ ამ სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით იგივე სწავლის საფასურის, გრანტების საჭიროებისა და მისი განაწილების კუთხით.
რეალურად, საგამოცდო სისტემის განვითარება არ შეიძლება იყოს ცალკე მდგომი პროცესი და არ ჰქონდეს კავშირი სხვა პროცესებთან. ამიტომ, ის პროცესები, რომელიც სასკოლო განათლების სისტემაში მიმდინარეობს, და პედაგოგიურ კადრებთან არის დაკავშირებული, ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გახდეს მოსწავლეების, აბიტურიენტების განათლების ხარისხის, და შესაბამისად, საგამოცდო სისტემის განვითარების მიმართულებების განსაზღვრისათვის. მნიშვნელოვანი ცვლილებები ასევე სჭირდება უმაღლესი განათლების ინსტიტუციებსაც, რომ სრულყოფილად განახორციელონ ფუნქცია არა მხოლოდ მისაღები კრიტერიუმების განსაზღვრის, არამედ სტუდენტების, სისტემის, ქვეყნის საგანმანათლებლო მოლოდინების გასამართლებლად. თავისთავად სასკოლო და უმაღლესი განათლების რეფორმამ უნდა განსაზღვროს მოსწავლეების, აბიტურიენტების და სტუდენტების ცოდნის, უნარების და კომპეტენციების ცვლილებები და ამაზეა მიბმული საგამოცდო სისტემის მნიშვნელობა და ეფექტურობა.”
ავტორი: ანა ურუშაძე