როგორც წესი, ქვეყნის დედაქალაქი ყველანაირი სახის, მნიშვნელობის, ფორმის მოვლენის ეპიცენტრად იქცევა ხოლმე. გამონაკლისი არც თბილისია. პატარა ქვეყნის პატარა ქალაქი იმაზე ხშირად არის ხოლმე მთავარი და ყველაზე ცხელი წერტილი, ვიდრე შეიძლება, ვინმემ იფიქროს.

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ 21-ე საუკუნის თბილისის მნიშვნელოვან ისტორიულ ეპიზოდებს.

2002 წლის 25 აპრილს თბილისში მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა წლებში მომხდარი მიწისძვრების გვერდით, ეს თარიღი ჩაინიშნა, როგორც ყველაზე ძლიერი მიწისძვრა თბილისის იმდროინდელი ისტორიის ფარგლებში.

ნოემბერი, 2003 წელი – თარიღი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა, როგორც მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია. დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მსვლელობებმა, შედეგად, გამოიწვია ის, რომ შეიცვალა საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება. ამ თარიღიდან საქართველოსა და, უმეტესად, თბილისს ახალი პოლიტიკური ისტორია აქვს.

შეიძლება ითქვას, ამ საუკუნის თბილისისთვის, ისევე, როგორც სრულიად საქართველოსთვის, ყველაზე მეტად ემოციური, ტრაგიკული მოვლენა იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი. ამ დროს ჩვენი დედაქალაქი იქცა, მეტნაკლებად,სანდო და საიმედო „თავშესაფრად“. სოფლებიდან გამოქცეული მოსახლეობა თავს დედაქალაქის შენობებს აფარებდა.

7 ივლისი, 2014 წელი – თარიღი, როდესაც საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა. საქართველოს დღევანდელი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არც კი ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც შევარდნაძე გაპრეზიდენტდა, თუმცა ყველას კარგად ახსოვს ფაქტი, რომელიც მხოლოდ ხუთი წლის წინ მოხდა.

თბილისის 2015 წლის წყალდიდობა – ამ დღემ საკმაოდ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, თუმცა არა – კარგისკენ. ეს გახლდათ 21-ე საუკუნის თბილისისთვის ყველაზე საშინელი შედეგის მომტანი სტიქია. თბილისის ზოოპარკის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა ყველა ცხოველი. ქუჩებში ადამიანები და მტაცებელი ცხოველები ერთდროულად დადიოდნენ. ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ის, რომ სტიქიას არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. 13 ივნისი – მოხდა სტიქია, რომელიც იმ პერიოდისთვის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად იქცა.

ამავე წელს,  თბილისში ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნა.ოლიმპიადის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი ეწვია.

2018 წელი – თარიღი, როდესაც, სხვადასხვა პოლიტიკური პროცესის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ თბილისი გამოცემა The Space-ისა და CNN-ის ობიექტივში მოხვდა. საქართველოს დედაქალაქმა 2018 წლის შვიდ გამორჩეულ ქალაქს შორის ერთ-ერთი ადგილი დაიკავა.

მიმდინარე წლის, 2019 წლის თბილისის ყველაზე მოულოდნელი, შოკისმომგვრელი და ტრაგიკული 20 ივნისი – საქართველოს ისტორიაში „გავრილოვის ღამედ“ შესული თარიღი – დღე, როდესაც თბილისის ქუჩებში იყო სისხლი, ძალადობა, სამოქალაქო დაპირისპირება და არაერთი ლაქა, რომელიც ქვეყნის ისტორიისთვის სახარბიელო არასდროს არის. სრულიად მოულოდნელად, ეს თარიღი თბილისის არაერთი მოქალაქისთვის ავადსახსენებელ თარიღაც იქცა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

 

Please follow and like us: