სექტემბერი ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით დაიწყო. მთავრობის კაბინეტში საკადრო ცვლილებების შედეგად პრემიერ- მინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიამ, თავდაცვის მინისტრის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მანდატი ვახტანგ გომელაურმა მიიღო. ექსპერტების შეფასებით ეს სამთავრობო გადანაცვლებები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მთავრობის პირველ პირად დანიშვნამ. მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება გახმაურებული საქმეები: სპეცოპერაცია ნესკრაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია  ბასიანში,მინისტრის ბოდიში რუსთაველზე  და გავრილოვის ღამე, რომელმაც პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია.

თავად გახარიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო ხედვა აქვს. მან საკანონმდებლო ორგანოს 36 გვერდიანი 2019-2020 წლის სამთავრობო გეგმა წარუდგინა, რომელიც პრიორიტეტ საკითხებად უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკურ განვითარებას და საგარეო გამოწვევების დაძლევას ასახელებს.  ამ დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება სწორედ ამ გამოწვევების გადაჭრისკენ.

სამომავლო სამოქმედო გეგმის უმთავრეს პუნქტებს, რომელზეც ახალი პრემიერ მინისტრი ამახვილებს ყურადღებას, გარდა თავდაცვისა და სოციალური საკითხებისა, შეეხება ასევე ეკონომიკურ განვითარებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე. გარდა ამისა ახალი პრემიერ- მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური კურსი მიზნად ისახავს ეკონომიკის ფაქტორების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში.

როგორ აპირებს ახალი სამთავრობო კაბინეტი ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემის: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს იგი? – ეს არის მთავარი კითხვები, რომელიც გახარიას სამოქმედო გეგმისა და მისი საქმიანობის მიმართ არსებობს.

რამდენად ეფექტურია ახალი ეკონომიკური ხედვები ქვეყნის განვითარებისა და არსებული პრობლემების დასაძლევად და როგორია ეკონომიკური პროგნოზები მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებების ფონზე, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს” ესაუბრა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პრემიერ მინისტრი, რომელსაც ბიზნესომბუდსმენად მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, არის ერთგვარი იმედისმომცემი სიგნალი კერძო სექტორისთვის, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის ის პრობლემები და საჭიროებები, რაც დღეს ბიზნესში არსებობს. შესაბამისად გახარიას მიმართ მოლოდინები კერძო სექტორიდან მეტწილად პოზიტიურია.

რაც შეეხება მისი პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს, ცხადია, დეტალურად გავეცანი თითოეულ მიმართულებას და უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემები კომპლექსურად და ერთობლიობაში არის მოცემული. ჩვენი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ძნელია რაიმე ახალი განვითარების მოდელის გამოგონება, არც ცდების ჩატარების დრო და შესაძლებლობა გვაქვს, მაშინ როცა ხალხს შედეგი მოკლე ვადაში უნდა ანახო, შესაბამისად პროგრამა არის დაბალანსებული და არსებული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული.

დღეს არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, უმუშევრობის დასაძლევად, ვფიქრობ, პროგრამაში სწორი მიდგომაა ის, რომ სახელმწიფო ეცდება უკეთესი საინვესტიციო კლიმატის და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებით გადაჭრას დასაქმების პრობლემა. სახელმწიფო სექტორი არ უნდა იყოს მთავარი დამსაქმებელი, არამედ ახალ-ახალი ბიზნესები, რომლებიც მთავრობის ხელშემწყობი პროგრამებით მომრავლდება. ამ მხრივ კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს და გაძლიერდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, შესაძლოა პროგრამა „აწარმოე საქართველომ“ უფრო დაწიოს სესხის ლიმიტები, რომ მცირე მეურნეობებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი პროგრამის ბენეფიტები. სხვა მხრივ არსებული პრიორიტეტები და მიმართულებები უნდა გაძლიერდეს, მაკრო გარემო უფრო სტაბილური უნდა გახდეს.

 ცხადია, იმ ნაწილში რაც მთავრობის მხრიდან კონტროლს ექვემდებარება, მაგალითად ლარის კურსის საკითხი და ფასების ზრდა ნამდვილად იქნება გამოწვევა 2020 წლამდე. ვფიქრობ, ამ უკანასკნელს გახარიას მთავრობა სწორი და დისციპლინური ფისკალური და მონატერული პოლიტიკით უნდა ებრძოლოს, ერთი მხრივ, შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი მაქსიმალურად, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად მეტი კომუნიკაცია აწარმოოს კერძო სექტორთან”.

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: