„გრუმინგ სალონი“ – სულ რაღაც 2 წლის წინ, ვაკეში გაიხსნა სალონი, რომელიც შინაური ცხოველების მოვლაზე, სილამაზესა და სისუფთავეზეა ორიენტირებული. დაახლოებით, ერთი წინ, საბურთალოზე მისი კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. ამ ეტაპზე, მეტი ფილიალი სალონს არ გააჩნია, თუმცა- იგეგმება მესამე.
სალონის დაარსების იდეაზე, ხელმისაწვდომ სერვისებსა და იმ მიზეზებზე, რის გამოც ადამიანებმა საკუთარი ოთხფეხა მეგობრები სწორედ „გრუმინგ სალონში“ უნდა მიიყვანონ, სალონის დირექტორი, მირიან დაუშვილი „თბილისი თაიმსთან“ საუბრობს.
„პირველები ვართ ბაზარზე, ამ მხრივ. იდეა გაჩნდა იქედან, რომ მსგავსი დაწესებულება ჩვენს ქვეყანაში მანამდე არ ყოფილა. ცალკე სალონი აქამდე არ არსებულა. ზოგიერთ ვეტკლინიკას, მაგალითად, ჰქონდა მიბმული ცხოველის დაბანა, ჩვენთან კი გამიჯნული, მხოლოდ სალონური მომსახურებაა – დაბანა, დავარცხნა, ყურების გასუფთავება და ა.შ. ზოგან ცხოველებს პრეპარატებს უკეთებენ და ადუნებენ, ჩვენთან კი ასე არ არის. ჩვენ ამის წინააღმდეგ ვართ“.
რა სერვისები არის თქვენთან ხელმისაწვდომი?
ჩვენთან მომსახურება ჯიშების მიხედვით არის. ზოგიერთ ცხოველს მხოლოდ გამოვარცხნა უკეთდება. თუკი ძაღლებს უკეთდებათ ვარცხნილობა, მათ ვჭრით – ანუ, სხვადასხვა ჯიშს სხვადასხვა ტიპის ვარცხნილობა აქვს. ჩვენთან ხელმისაწვდომია ცხოველების დაბანა, დავარცხნა, გამოვარცხნა – სპეციალური სავარცხლით გათავისუფლება არასასურველი ბეწვისგან. ეს უკანასკნელი არის ბეწვი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა ცვიოდეს და ჩვენთან ერთიანად აშორებენ თმას, სახლში კი ცვივა იმის მეასედი, რაც მოსალოდნელი იყო. სხვა ძაღლები კი, რომლებსაც ვარცხნილობა უკეთდებათ, იჭრებიან და ივარცხნებიან.
ახლა ვამატებთ ახალ სერვისს – თმის შეღებვას.
ყველას შეუძლია თქვენი მომსახურებით სარგებლობა?
ყველასთვის არის შესაძლებელი, უბრალოდ, ძაღლი უნდა იყოს აცრილი. ეს იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლებიც არ დაზარალდნენ და, გარდა ამისა, ლეკვის შემთხვევაში, შესაძლოა, სულ რომ არ ჰქონდეს კონტაქტი, მას სხვა ძაღლისგან გადაედოს.
ყველა ძაღლს სჭირდება ინდივიდური მიდგომა. არიან აგრესიული ძაღლები, რომლებსაც ალიკაპით ვაჩერებთ, ზოგიერთს მოფერება სჭირდება.
რა უნდა ახასიათებდეს თქვენი სალონის თანამშრომელს?
პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მას უნდა უყვარდეს ცხოველები. ზოგან, მაგალითად, ორწლიან გამოცდილებას ითხოვენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება, ყველაფერი ადგილზე ისწავლო, უბრალოდ, მთავარია, რომ ცხოველი გიყვარდეს და კიდევ ერთი – არ უნდა გეშინოდეს. თუ გეშინია, აზრი აქვს იმიტომ, რომ ძაღლთან ვერ იმუშავებ. როგორც კი ის გრძნობს, რომ ადამიანს მისი ეშინია, ცდილობს, თვითონ იყოს დომინანტი.
ავტორი: მარიამ ტიელიძე