კახეთში „რთველი 2019“-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„გასული დღე-ღამის მონაცემებით, კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო მცირე, საშუალო და დიდი 70-მდე ღვინის მარანი. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. ღვინის საწარმოებთან მანქანების დიდი ნაკადის შემთხვევებში, ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე საწარმოებში“ – აცხადებენ რთველის საკოორდინაციო შტაბში.

17 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 41 ათასი ტონა რქაწითელი, 16 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 240 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ერთვებიან.

Please follow and like us: