მაყურებელმა ის მუსიკალური პროექტიდან, „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო და შეიყვარა. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, გუგა მარგველაშვილმა სწორედ ამ კონკურსიდან დაამახსოვრა თავი საკუთარ გულშემატკივარს – ურიცხვ ადამიანს. როგორც ისინი პროექტის მიმდინარეობისას აღნიშნავდნენ, გუგა მუსიკალურად ყველაზე გამართული მონაწილე იყო. შესარჩევი ტურიდან ფინალამდე ის სწორედ საკუთარმა მუსიკალურმა ნიჭმა და შეძენილმა უნარ-ჩვევებმა მიიყვანა. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს გუგა მარგველაშვილთან.

„შეიძლება ითქვას, რომ ვმღერი ბავშვობიდან. ასე 4 წლის ვიყავი, პატარა სცენაზე რომ დავდექი. იყო ასეთი სტუდია – „ლურჯა ცხენები“. ძირითადი გამოცდილება ოჯახში სიმღერით მივიღე. ბაბუაჩემი გვასწავლიდა სიმღერას მე და ჩემს დეიდაშვილებს, ასევე, გიტარაზე აკორდების აღებას. ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე მივედი ფოლკლორულ ანსამბლში, სახელად „ერქვანი“. აქ მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და საინტერესო სამი-ოთხი წელი გავატარე. ბოლოს, რაც მთავარია, მივედი კონსერვატორიამდე, სადაც მე ახლა ვსწავლობ“.

რამ განაპირობა ის, რომ ქართული მუსიკით დაინტერესდი?

ქართული მუსიკით ოჯახიდან გამომდინარე დავინტერესდი. სულ ასეთ გარემოში ვიზრდებოდი – ძირითადად, ქართული სიმღერები მესმოდა. ამის ბედნიერება მქონდა, რომ სულ  ქართული ჰანგები ჩამესმოდა. შესაბამისად, მეც ძალიან შემიყვარდა. უფრო მეტად  ქართულად ვმღეროდი, ვიდრე – უცხოურად.

ამ ეტაპზე, რას მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ მუსიკალურ წარმატებად?

ვფიქრობ, ამ დრომდე ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის პროექტი „მხოლოდ ქართული“ იყო. ამხელა კონკურენციაში ჯერ ათეულში და შემდეგ უკვე ფინალში მოხვედრა ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს იყო ჩემი გამომშვიდობება ესტრადასთან. მთავარი ყურადღება გადატანილი მაქვს სხვა სივრცისკენ – კონსერვატორიისკენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უფრო დიდი წარმატებები წინ იქნება. მე ამის იმედი მაქვს.

რას ნიშნავს შენთვის შენი გულშემატკივარი?

პროექტის ფარგლებში, გულშემატკივარი იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორი, რომ ყოველ მომდევნო კონცერტზე უკეტესად მემღერა და უფრო კარგად წარვმდგარიყავი, უპირველესად, გულშემატკივრის წინაშე. გულშემატკივარი არის ბედნიერება. ამდენი თბილი შეტყობინება რომ მოგდის როგორც ნაცნობებისგან, ისე – უცხო ადამიანებისგან, საოცრად დადებითი ემოციაა.

გარდა მუსიკისა, რით ხარ დაინტერესებული?

ძირითადად, ბავშვობიდან მოყოლებული, სპორტი მაინტერესებს. ყოველთვის ფეხბურთი იყო ჩემი სტიქია, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ძალიან ცოტა ხანია, რაც ფეხბურთი ჩამინაცვლა ჩოგბურთმა. მიყვარს თხილამურებით სრიალი და მსგავსი ტიპის აქტივობები. სხვათა შორის, ასე თუ ისე, გამომდის კიდეც.

ამ ეტაპზე, რას საქმიანობ?

მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება. იმედი მაქვს, რომ ჩემთვის მთავარი პროფესია იქნება სიმღერა. ვიმედოვნებ, ვიმღერებ ოპერაში. არ გამოვრიცხავ, რომ ჩავაბარო მაგისტრატურაზე რაიმე საინტერესო განხრით. ამ დროისთვის, ყურადღება გადატანილი მაქვს სიმღერაზე, კლასიკაზე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: