ხვამლის მთაზე, სადაც მეოთხე წელია არქეოლოგიური ექსპედიცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს, არქეოლოგებმა უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს. როგორც „რეგიონულ კვირას“ ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით სულხანიშვილი  ექსკლუზიურად უყვება, არქეოლოგიური გათხრებისას ის ქვები აღმოაჩინეს, რომელზეც ემიგრაციაში წასული ექვთიმე თაყაიშვილი თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღწერს. 

“1910 წელს ლეჩხუმში იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა (შედეგების  გამოქვეყნება აქ ვერ მოესწრო და ემიგრაციაში მყოფმა პარიზიდან გამოსცა), ხვამლის მთამდე ექვთიმემ ვერ მოაღწია უამინდობის გამო და იგი სოფელ ნაკურალეშში შეჩერდა, მას თან ახლდა იმდროისთვის ცნობილი ფოტოგრაფი ერმაკოვი. ადგილობრივები უყვებიან, რომ  ქვებში ტაძრის აღდგენის დროს მშენებლებმა იპოვეს ერთი დიდი წარწერიანი ქვა, დატეხეს იგი ოთხ ნაწილად და ტაძრის ოთხივე კუთხეში ჩაატანეს. ეს წარწერები ნახა ასევე ცნობილმა მკვლევარმა გიორგი ბოჭორიძემაც, რომელმაც ასევე ლეჩხუმში იმოგზაურა (1907-1908 წწ).
მერე ბოჭორიძემ 1923-1924 წლებში გამოსცა წიგნი, სადაც გააკეთა მხოლოდ გრაფიკული ჩანახატი და არანაირი დათარიღება არ მიუცია. ისიც აღწერს ქვის ოთხად გატეხის ამბავს. აი, იმის შემდეგ ეს წარწერები აღარავის უნახავს…
არადა ეს ქვები წელს, აქ ვიპოვეთ, ოთხი წელია ვეძებთ. უამრავი ადამიანი დადის მოსალოცად, ალბათ, ახლა უნდა გვეპოვა, მთელი ოთხი წლის ექსპედიციის შრომა მარტო ამად ღირდა. ქვები დატეხილი არაა, ისინი (ორი ცალი ჯერჯერობით) აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მთელი თლილი ქვებია. მასზე ადვილია ამოტვიფრა, არადა ზედ მთელი ტექსტია დატანილი, რომელიც სრულიად დარწმუნებული ვარ ცვლის ყველაფერს, რაც კი აქამდე ვიცოდით, ერთზე 5 ასო ჩანს, მეორეზე 8, რაც ფაქტია, არ დადასტურდა. ეს ქვები ტაძრის კუთხეებში ძალიან მცირე არეალზე ჩანს, დანარჩენი ტაძრის სიღრმეშია შესული. ვინ იცის, ზედ რა წერია. მე ვფიქრობ, რომ  ქვები აქედან აუცილებლად უნდა გამოვიდეს და მათი ერთად შეერთების შემდეგ წავიკითხავთ ტექსტს, რომელიც, ვინ იცის, რას გვეუბნება. თქვენი საშუალებით მეუფესაც მინდა ამ თემაზე მივმართო, რომ ქვები უნდა გამოვიღოთ და ვნახოთ, რას გვწერენ საუკუნეებიდან. ანუ, ჩვენ არ ვართ პირველები იმაში, ვინც ეს წარწერები აღმოაჩინა, მაგრამ ვართ პირველები იმაში, რომ ვიპოვეთ დაუტეხელი ქვები, რომელიც ინახავს გზავნილს და ჩვენ ეს უნდა ვნახოთ.-განაცხადა დავით სულხანიშვილი

ექსპედიცია 17 სექტემბერს არქეოლოგები ერთი წლით ემშვიდობებიან ხვამლის წმინდა მთას. საიდუმლოებით მოცულ მისტიკურ ადგილს ექსპედიცია იმ იმედით ტოვებს, რომ მომავალში კვლავ გაგრძელდება კომპლექსური შესწავლა. რამდენიმე კერძო პირმა კვლევების დაფინანსების სურვილი ინკოგნიტოდ გამოთქვა და იმედია, იმ ტექსტსაც გავშიფრავთ,რომელიც არქეოლოგ დავით სულხანიშვილის აზრით, ყველაფერს ცვლის.

წყარო: http://kvira.ge

Please follow and like us: