2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმჟამინდელი რექტორის, ვლადიმერ პაპავას ავტორობით გამოცემული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი 23 829 ათას ლარად შეიძინა. როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, შესყიდვისას რამდენიმე კანონდარღვევა გამოვლინდა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამ შესყიდვის დროს გამოვლენილია რექტორის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან წიგნის მიმწოდებელი, შემსყიდველი და ინიციატორი ერთი და იგივე პირი იყო. პაპავამ იყიდა აშშ-ში გამოცემული თავისი წიგნი კომპანია Nova science publishers-სგან, რომლის თანხაც უნივერსიტეტმა მას ჩაურიცხა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რექტორმა წიგნების შესაძენად ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიმართა და მიუთითა, რომ უშუალოდ ავტორის მიერ შეძენის შემთვევაში ფასდაკლება იქნებოდა. წიგნების შეძენის მიზანი კი ბიბლიოთეკაში მათი განთავსება და თსუ-ს სახელით გავრცელება იყო.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ შესყიდვისას წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა, რაც, ასევე, კანონდარღვევაა. გარდა ამისა, რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ურთიერთდამოკიდებული პირები იყვნენ.

“თსუ-ის რექტორმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მიწერილი ზემოაღნიშნული წერილებით მოახდინა ზეგავლენა, რითაც დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დაუშვებელია პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით”, — აღნიშნულია ანგარიშში.

ვლადიმერ პაპავა თსუ-ს რექტორი 2013-2016 წლებში იყო. მან თანამდებობა სტუდენტების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ დატოვა. მანამდე, სტუდენტების ნაწილი პაპავას უნივერსიტეტის საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევაში ადანაშაულებდა. მისი გადადგომის მოთხოვნით ზოგიერთმა სტუდენტმა შიმშილობაც დაიწყო.

Please follow and like us: