ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა, ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ(მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ სახარებიდან საქორწილო ნადიმის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალი იესო ქრისტე ყველა ადამიანს ეპატიჟება საქორწილო ნადიმზე, ანუ მარადიულ ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ამაზე უარს ამბობს.

„დღეს იყო სახარებიდან წაკითხული იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ. იესო ქრისტე ბრძანებს ასეთ იგავს, რომ სასუფეველი ღვთისა ემსგავსა კაცსა მეუფეს, რომელმაც ქორწილი მოაწყო, საქორწილო ნადიმი გააკეთა. ეს ქორწილი იყო თავისი შვილის. მეუფე კაცი ვინ არის? ეს არის მამა ღმერთი, ძე არის ძე ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე და ქორწილი ეს არის სასუფეველი ღვთისა, მარადიული ცხოვრება. საქორწილო სერობა არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვესწრებით და ვმონაწილეობთ, ეს არის წმინდა ლიტურგია. ესეც ქორწილია, ესეც სერობაა. უფალი ყველას მოიწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი უარს ეუბნებიან. უფალი ხელმეორედ მოუწოდებს მათ, პატიჟებს და შეახსენებს მათ, რომ ყველაფერი გამზადებულია. მიუხედავად ამისა, მაინც უარს ეუბრებიან. მოიმიზეზებენ თავიან პირად საქმეებს. ზოგი სავაჭროდ მიდის, ზოგი ყანაში. ეს გვაფიქრებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ უგუნურებაში იმყოფება ადამიანი. წარმოიდგინეთ, ღმერთი გვეპატიჟება თავის მარადიულ სიხარულში, ნადიმზე და ადამიანები უარს ეუბნებიან. თითქმოს ყველამ იცის ბავშვობიდან, რომ მოელის გარდაცვალება ყველას. ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება. ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა. მიუხედავად ამისა, ადამიანები ამას უფრო არჩევენ და მარადიულ სიხარულზე უარს ამბობენ. ამის მიზეზი ალბათ, არის ძალიან დიდი დაზიანება ჩვენი ბუნების, ადამიანი ვეღარ გრძნობს, რას კარგავს, რა აკლდება. ამიტომაც უფალი იესო ქრისტე ამას გვახსენებს ამ იგავით“, – ბრძანა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, წმინდა მამების ქადაგებებში აღნიშნულია, რომ ადამიანმა ერთი წამითაც რომ შეიგრძნოს ის ნეტარება, რაც ცათა სასუფეველში მას მოელის, მზად იქნებოდა 1000 წელი დიდ გაჭირვებაში იყოს.

„ასეთი შედარებაც კი მოჰყავთ, ჭიებით სავსე ორმოში იყოს და დაითმინოს 1000 წელი, ოღონდ 1 წამით იგემოს და ეზიაროს ამ ნეტარებას. წმინდა წერილში წერია, რომ ვერც კი წარმოუდგენია ადამიანის გონებას, თუ რას უმზადებს მას უფალი. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენთაგანი ამ მოწვევაზე უარს ამბობს. უფალმა კიდევ გაუგზავნა ადამიანებს მონები – წინასწარმეტყველები, ვიღაცისთვის მშობელი, ვინც ასწავლის, ჭკუას არიგებს, იფარავს და განსაცდელებს არიდებს, მასწავლებელი, მოძღვარი – ესენი ყველა მონანი ღვთისანი არიან, ვინც ჩვენ ღვთის ნებას გვეუბნება და გვაუწყებს. ეს მონები ზოგი სცემეს, ზოგი მოკლეს. ამის შემდეგ განრისხდა მეუფე იმ ქალაქს და მოქალაქეებს გაანადგურებს, ვინც უარი უთხრა მოწვევაზე. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში ეს არაერთხელ მომხდარა. თუნდაც ჩვენს ქვეყანაში 100 წლის წინ, როდესაც იყო ბოლშევიკური მმართველობის პერიოდი ასეც მოხდა, დაანგრიეს ტაძრები, დახოცეს სამღვდელოება და ამის მიზეზი ის იყო რომ ჩვენს ხალხს აღარ უნდოდა, არ იყო მოთხოვნილება ტაძრებში, სამღვდელოებაში და უარს ამბობდნენ საქორწილო სერობაზე. ამიტომაც უფალმა ეს დაუშვა“, – ბრძანა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ადამიანი, ვისაც სინანული არ აქვს, ცხოვრების, აზროვნების შეცვლა არ შეუძლია ის ცოდვებს ემონება.

„უფალი ყველას ეძახის თავისთან – ბოროტსაც და კეთილსაც. მისივე თქმით, ადამიანურ სიკეთესა და ბოროტებას შორის არ არის განსხვავება ღვთისთვის, ღვთის წინაშე. მთავარია უფალთან მივიდეთ და გავხდეთ მონაწილენი მისი მარადიული ცხოვრების. საქორწილო შესამოსელი მონანიება, სინანულია. უფალთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც სინანულის შედეგად იცვლება. ჩვენ უნდა შევიმოსოთ განახლებული სულიერი შესამოსლით რომ გავხდეთ ღვთაებრივი ქორწილის მონაწილენი. ადამიანი, ვისაც სინანული არ აქვს, ცხოვრების, აზროვნების შეცვლა არ შეუძლია, ის ცოდვებს ემონება. რა ცოდვითაც სცოდავს ადამიანი, იმ ცოდვის მონაა. თუ ნარკომანია, ნარკოტიკებს ემონება. თუ განმკითველია, ამ განკითხვის მონაა, თუ ვერცხლისმოყვარე და ხარბია, ამ ვნებას ემონება. ანუ შეკრულია ხელებითაც და ფეხებითაც“, – ბრძანა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ეკლესიის გარეთ, ძირითადად ჩვენ ვხედავთ ამას ცხოვრებაში, რომ უფრო მეტად ადამიანები ინტერესდებიან მატერიალური ღირებულებებით, მატერიალური კეთილმოწყობით, ამქვეყნიური წარმატებით; ამ ღირებულებებით მაცხოვრებელი ადამიანი ნელ-ნელა კარგავს ადამიანურ თვისებებს და მტაცებლური ხდება.

„უფალი დასძენს „მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეული“. ანუ უფალთან დაპატიჟებული ბევრია, მაგრამ რჩეული ცოტაა, ცოტა ირჩევს უფალს. ცოტა ირჩევს უფალს უმეტესობას ის არ აინტერესებს. არცკი ფიქრობენ ამაზე. ცოტაა ვინც მიილტვის ღმერთისკენ სასუფევლისკენ, განწმენდისკენ, მარადიული ცხოვრებისკენ. ჩვენ ამას ვისწავლით თუ არა, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენ რა გვინდა? – გვინდა რომ „ბნელსა მას გარესკნელსა შინა ვიყოთ“ თუ სინანულით შევუდგეთ უფალს და გავხდეთ ღმერთის სასუფევლის წევრები და ძე ღვთისას საქორწილო ნადიმისა. ვიზე აქორწინებს თავის ძეს მამა ღმერთი? – ეკლესიაზე. ჩვენ მოწოდებულები ვართ ყველანი რომ გავხდეთ ამ ქორწილის წევრები არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, მიწიურში, არამედ უკუნითი უკუნისამდე“, – ბრძანა მეუფე შიომ.

პატრიარქის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების შემდეგ ზუბიაშვილების გვარი დალოცა.

Please follow and like us: