ახალი სასწავლო წლის პარალელურად, გაჩნდა ახალი იდეები და ინიციატივები. ზოგი მათგანი უკვე დაინერგა, გარკვეული ნაწილი კი, ამ ეტაპზე. განიხილება. ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, საბაზო საფეხური მეცხრე კლასის ნაცვლად მეათე კლასში დასრულდეს. რას მოიტანს, დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება – ამ და სხვა საკითხების შესახებ „თბილისი თაიმსს“ განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ესაუბრა.

რატომ დადგა ამის საჭიროება?

მე რა დასაბუთებაც მოვისმინე, გახლავთ ის, რომ მეცხრე კლასიდან სკოლებს ბევრი ბავშვი ტოვებს. თითქოს, მოსწავლეების შენარჩუნების მიზნით გადაწყვიტეს, რომ საბაზო საფეხური მეცხრე კლასის ნაცვლად მეათე კლასში დასრულდეს. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს, ინტერესია, რომ ზედა კლასებში დარჩეს მოსწავლეთა მხოლოდ ის კატეგორია, რომელსაც შემდგომ უკვე ენდომება სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში – ანუ, რეალურად, უფრო ნაკლები მოსწავლე გადავიდეს მე-12 კლასში. თითქოს, ინტერესი ასეთია.

არ იქნება კარგი, თუკი სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს იმიტომ, რომ, ზოგადად, რაც უფრო დიდხანს ისწავლიან ადამიანები, მით უფრო მაღალი კომპეტენციებით გავლენ სამუშაო ბაზარზე – ამ პერსპექტივიდან უფრო გამართლებული ხდება, რომ გახანგრძლივდეს სკოლაში სწავლის სავალდებული წლები – მაგრამ ამის მიზანი არ უნდა იყოს ის, რომ სრული საშუალო განათლების მიმღებთა რაოდენობა შემცირდეს.

რას შეუწყობს ხელს ამ გადაწყვეტილების მიღება?

ამ გადაწყვეტილებაში პრობლემა არის ის, რომ არ ჩანს, რა პრობლემების მოგვარებას ან რის გაუმჯობესებას ემსახურება ის. მხოლოდ იმის თქმა, რომ სკოლიდან ცხრა კლასის შემდეგ ბევრი ბავშვი გადის, საკმარისი არ არის. მთავარი ის არის, რომ ვნახოთ, რატომ გადიან ისინი; რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი, სხვაგან ეძებონ საკუთარი თავი. შეიძლება, იმაზეც ვიმსჯელოთ, სკოლა რამდენად უწყობს ხელს იმას, რომ ბავშვებმა არ მიიღონ ზოგადი განათლება. ეს პრობლემა არის.

თუ გადაწყვეტილებების მიმღებები აკვირდებიან სტატისტიკას,ის აჩვენებს ბავშვების იმ რაოდენობას, რომელიც გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, გამოცდის იმ სისტემით, რომელიც გააუქმეს.გამოსაშვები გამოცდები ისედაც შეუწყობდა ხელს იმას, რომ უფრომეტი მოსწავლე დარჩენილიყო სკოლაში მეცხრე კლასის შემდეგ.

თავისთავად, ისიც საინტერესოა, ზემოხსენებული ინიციატივა რომ დამტკიცდეს, რამდენად შეძლებს სახელმწიფო ამ წესის ადმინისტრირებას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა სკოლებს კიდევ უფრო ადრე ტოვებს და, რეალურად, ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა აიცილოს სახელმწიფომ ასეთი ტიპის ფაქტები თავიდან. შეიძლება, ეს პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. ასე რომ, ცალსახა არ არის, რომ ეს წესი დაინერგება და რომ ამის შემოღება რამეს შეცვლის, თუ ის ბარიერი, რომელიც ახალისებს სკოლებიდან ახალგაზრდების გასვლას, ისედაც მოხსნილია.

კანონი ჯერ არ შეცვლილა. ეს არის ინიციატივა. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ის განათლების ხელმისაწვდომობაზე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: