საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ წმინდანებს იხსენებს. წმ. მოწამე 300 არაგველისა და კრწანისის ომში საქართველოსთვის შეწირული სასულიერო და საერო პირების ხსენების დღესთან დაკავშირებით, კრწანისში, 300 არაგველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე “საქართველოს საგვარეულო კავშირის” ორგანიზებით ღონისძიება გაიმართება.

კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის ბრძოლა 1795 წელს გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ სექტემბრის დასაწყისში გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

1795 წ. კრწანისის ომში დაღუპული 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2008 წლის 27 ივნისს წმინდანად შერაცხა და მათი ხსენების დღედ 24 სექტემბერი დაადგინა.

Please follow and like us: