ვითხოვთ, გაათავისუფლონ ჰუსეინ-მორის მაჩალიკაშვილი იმ ტყვეობიდან, რომელშიც ჩემ გამო არის. უნდათ, ბიძამისი დაასუსტონ, დააჩოქონ, დააქციონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან! – ამის შესახებ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა სასამართლოსთან განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, მორის მაჩალიკაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ მასზე ზეგავლენა მოახდინონ.
“2 წელია ვებრძვი უსამართლობას და ვარ ამ უთანასწორო ბრძოლაში, რამაც ჩემი თავიც და ეს ყველაფერი შემაზიზღა, ვითხოვთ, გაათავისუფლონ ჰუსეინ-მორის მაჩალიკაშვილი იმ ტყვეობიდან, რომელშიც ჩემ გამო არის. უნდათ, ბიძამისი დაასტუსტონ, დააჩოქონ, დააქციონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. მხოლოდ მორის მაჩალიკაშვილზე არ ვწუხვარ, დანარჩენი ბიჭებიც პატიმრობაში არიან, ესენი პირდაპირ, გავრილოვის სისხლიანი ღამის პოლიტპატიმრები არიან. ბოლოს და ბოლოს, დღევანდელმა სისხლიანმა რეჟიმმა გამოიჩინოს ადამიანობა და ეს ხალხი გაათავისუფლოს”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, როცა რუსთაველის გამზირზე ის კარავს შლიდა, მის ძმიშვილს, მორის მაჩალიკაშვილს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაურეკა და უთხრა, თუკი, მალხაზ მაჩალიკაშვილი კარავს გაშლიდა, მას დააპატიმრებდნენ.
“რომელმა მაღალჩინოსანმა დაურეკა, არ ვიცი, მორისის ტელეფონი ამათ აქვთ, იქიდან ამოშლიდნენ ყველაფერს, ან დაამატებდნენ, როგორც სჩვევიათ”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, 20 ივნისის საქმეზე დაკვებულების – ილია მემანიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გოგი ქურდოვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.