სულ მალე, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი კვლავ უმასპინძლებს ადგილობრივებისთვის გამორჩეულად საყვარელ დღესასწაულს, რომელსაც „თბილისობას“ ვუწოდებთ. ეს არის დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად, ოქტომბრის პირველივე შაბათ-კვირას აღინიშნება. წლევანდელთბილისობას“ დედაქალაქელები და, არამხოლოდ ისინი, 5 და 6 ოქტომბერს იზეიმებენ. აღსანიშნავია, რომ ამ თარიღს მხოლოდ თბილისელები და, ზოგადად, ქართველები კი არა, ტურისტებიცდიდი ინტერესით ელოდებიან. ეს იმიტომ, რომ თბილისობა ფერებთან, ხალისთან, კონცერტებსა და სასიამოვნო ისტორიებთან ასოცირდება.

მერიის ცნობით, ღონისძიებები რამდენიმე უბანში გაიმართება, მათ შორის, რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე. ღონისძიებების ფარგლებში იქნება კულინარიის ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები, ასევე, ორბელიანის ღია ბაზარი. ლეღვღახევში იქნება მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე. მეტეხის ხიდზე კი გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.

„წელს თბილისობის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები; ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; ორბელიანის ღია ბაზარი; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისობის ფარგლებში ჩატარდება კიდევ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის: 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“.

ხოლო 6 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება “მოარე”, აკრობატიკის საჰაერო შოუ როკ მუსიკის თანხლებით

ბევრმა არ იცის, რომ უკვე ოთხი ათეული წელია, რაც თბილისობა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას ბევრისთვის დაუვიწყარს ხდის. 1979 წლიდან მოყოლებული, დედაქალაქის ქუჩებში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ყიდიან და ყიდულობენ ქართულს; ადამიანებს, რომლებიც აფერადებენ ქუჩებს; ადამიანებს, რომლებიც აცოცხლებენ ჩვენი დედაქალაქის ისტორიას და ინარჩუნებენ მის იერსახეს.

გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ამ დღესასწაულზე შემოდგომის თბილისის ქუჩები სპორტული შეჯიბრებებისა და აქტივობების ადგილად იქცევა ხოლმე. მთავარი მოედნები და სივრცეები სწორედ ასეთ აქტივობებს მასპინძლობს. რა არის ქართული შემოდგომა ღვინის დაწურვისა და მისი დაგემოვნების გარეშე? ამ დღეს შეგიძლია, თავად იყოღვინის დაწურვის მონაწილე.

თბილისობა არის დღე, როდესაც უცხოელი ხედავს, თუ როგორია ქართველი, რა ახასიათებს და რა ანიჭებს სიამოვნებას მას. ქართული ცეკვა, სიმღერა, კულტურა, სტუმარმასპინძლობა – ყველაფერი ეს განსაკუთრებუალდ იგრძნობა. გარდა ქართულისა, დედაქალაქის ქუჩები მეგობარი ქვეყნების კულტურასაც მასპინძლობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დღესასწაულზე შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ყველაფერი ეროვნული და გაიცნოთ ის.

გასაკვირი არ არის და ბუნებრივია, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად ყოველთვის ძველი თბილისი მასპინძლობს – ტრადიციების, ისტორიისა და ქართული კულტურის ნიმუშების თავშეყრის ადგილი, ტურისტული სივრცე.

როგორც წესი, სახალხო დღესასწაულებზე ქუჩებში ბევრი ადამიანი იყრის ხოლმე თავს და იშვიათია, რომ წლების მანძილზე ერთ ადამიანს ერთი საინტერესო და სასიამოვნოდ გასახსენებელი ისტორია არ შემორჩეს ხოლმე. თბილისობის დღესასწაულებს ტინეიჯერები განსაკუთრებულად ელოდებიან და დიდი ხალისითაც ზეიმობენ ხოლმე.

ახლა უკვე 24 წლის მარიამ ბრეგვაძეს ეს ისტორია 2-3 წლის წინ, სწორედ თბილისობას გადახდა. მას შემდეგ ეს დღე მისთვის თავისთავად ასოცირდება ამ ფაქტთან. ისე მოხდა, რომ ერთი გერმანელი ტურისტი თბილისს სწორედ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ესტუმრა. ქართველების სტუმარმასპინძლობაზე იქამდეც სმენოდა, მაგრამ როდესაც ამ დღის თბილისის ქუჩებს შეესწრო, ცოტა არ იყოს, გაოცებულიც კი იყო. როგორც აღმოჩნდა, ტურისტს ეგონა, რომ დედაქალაქის ქუჩები ასეთი ფერადი და ხალისიანი ყოველ დღეს იყო. მარიამმა გამოიყენა შესაძლებლობა და სტუმარსთბილისობის შესახებ უამბო. ამ დროს გერმანელს უკვე სხვა შთაბეჭდილება ჰქონდა. მიაჩნდა, რომ ესეც მორიგი თბილისური დღე იყო და მზად გახლდათ, ყველასთვის ეამბო, რომ სადღაც, პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში ყოველი დღე ფერადი და ხალისიანი, სადაც ქუჩები სულ ანათებს. „ეს იყო საუბარი, როდესაც გამიჩნდა სურვილი, მქონოდა შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და თბილისის ყოველი დღე ყოფილიყო თბილისობა, ანუ, ყოფილიყო ისეთი, როგორიც ჩვეული გახლდათ განვითარებული ქვეყნებისთვის – თავისუფალი და ლაღი“ – გვეუბნება მარიამი.

ანი მჭედლიშვილი – „ჯერ კიდევ წლების წინ, მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ხმაური, ცერემონიები და დღესასწაულები. ეს არ მიშლის ხელს, მყავდეს ბევრი მეგობარი, თუმცა მე განსხვავებულად ვერთობი ხოლმე. ამდენი წელია, დედაქალაქში თბილისობა იმართება და ქუჩაში ამ დღის „სანახავად“ მხოლოდ შარშან თუ შარშანწინ გავედი. მქონდა მოლოდინი, რომ ამ დღესასწაულზე მოედნები სავსე იქნებოდა ადამიანებით, რომლებიც უმისამართოდ ყვირიან, „ღლიცინებენ“ – უბრალოდ, ბრბოს გვანან. ისე აღმოჩნდა, რომ თბილისობა საკმაოდ კარგად ორგანიზებული და მოწესრიგებული დღე ყოფილა. ამ დროს ყველაფერი თბილისს ეძღვნება. საინტერესოა იმდენად, რამდენადაც შემოდგომის ეს ორი დღე აბსოლუტურად დედაქალაქის ისტორიასა და კულტურაშია ჩაძირული. ვფიქრობ, მოლოდინი ყოველწლიურად გაცილებით მეტი მექნება ამ დღესთან დაკავშირებით. ის შემიყვარდა იმიტომ, რომ თბილისურ ამბებს გამოფენს“.

გიორგისთვის თბილისობის პირველი მოგონება საკუთარ დაბადების დღესთან ასოცირდება. ისე მოხდა, რომ ეს ორი დღე ერთმანეთს დაემთხვა. „გეგმები ამ დღეს არ მქონია, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ის სულ ხალისით გავატარე. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ჩემს დღეს მთელი თბილისი ზეიმობდა😊 ძალიან მიყვარს ხმაური, გართობა, სიმღერაც და ცეკვაც. დავდოოდით ქუჩებში და ვხედავდით, რომ ყოველ კუნჭულში იყო ზეიმი. ეს იყო ჩემთვის პირველი თბილისობა, როცა მეც ვიყავი დღესასწაულის მონაწილე. ისეთი დღეა, რომ ელოდები და იცი, იმედი არ გაგიცრუვდება“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: