პირველი ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება. ხელფასის მატება შეეხება სტატუსის (უფროსი, წამყვანი და მენტორი) მქონე ყველა მასწავლებელს. შესაბამისად, სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარს გადააჭარბებს.

უფრო კონკრეტულად, პირველი ოქტომბრიდან: უფროსი მასწავლებლების ხელფასი იქნება 1011 ლარი, წამყვანი მასწავლებლების – 1435 ლარი, მენტორი მასწავლებლების – 1745 ლარი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ პედაგოგებს 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე განსაზღვრული სქემით მოემატებათ ხელფასები და 2022 წლისთვის მათი ანაზღაურება პიკს მიაღწევს. შესაბამისად, უფროს მასწავლებელს – 1700 ლარი ექნება, წამყვან მასწავლებელს – 2135 ლარი, ხოლო მენტორ მასწავლებელს – 2445 ლარი.

პედაგოგების გარდა, პირველი ოქტომბრიდან ხელფასები ეზრდება სკოლის სხვა პერსონალსაც. სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის ანაზღაურება 1-ლი ოქტომბრიდან იზრდება საშუალოდ 20 პროცენტით.
ამასთან, სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს მიეცათ დანამატი 125 ლარის ოდენობით, მანდატურთა ანაზღაურება 250 ლარით გაიზარდა.

გარდა ამისა, საშუალოდ 20 პროცენტით გაიზარდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა ხელფასები. შედეგად, რესურსცენტრის უფროსის ხელფასი გაიზარდა – 250 ლარით, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების – 200 ლარით, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტებისა და პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების – 150 ლარით.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ ჩააბარებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდას და ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად. ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, ანუ ჩაბარებული ექნება შესაბამისი გამოცდა და შესაბამისად მოპოვებული ექნება სტატუსი („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).

ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.

Please follow and like us: