ძალიან ბევრი ადამიანისთვის გათენების პირველივე წუთები ყავასთან ასოცირდება. ზოგიერთს ეს ჩვევად აქვს ქცეული, სხვებს მოსწონთ ყავის გემო, დანარჩენებისთვის კი ის გამოფხიზლებისა და ენერგიის მიღების უალტერნატივო საშუალებაა.

თუმცა, არსებობს ყავის სხვადასხვა გემო და ადამიანებიც  ეჩვევიან კონკრეტულ გემოებს. განსხვვავებული არომატისა და სიძლიერის ყავის მირთმევა ჩვენს ქვეყანაში „ყავის ლაბორატორიაშია“ შესაძლებელი. ეს არის სივრცე მათთვის, ვინც გემოს განსხვავებულად აფასებს, ვისთვისაც ყავის მირთმევასთან დაკავშირებული პროცესი ერთი დიდი სიამოვნებაა. „თბილისი თაიმსი“„ყავის ლაბორატორიის“დამფუძნებელს, ყავის განსაკუთრებულ მოყვარულს, გიორგი აივაზიანს ესაუბრა.

საიდან გაჩნდა ყავის ლაბორატორიის იდეა და ვის ეკუთვნის ის?

ყავა ხილია! თუმცა, ფართოდ გავრცელებული, ინდუსტრიული ყავის გემოდან გამომდინარე ამის დაჯერება ძალიან რთულია. მაღალი ხარისხის ყავას, როგორც ნებისმიერ ხილს, აქვს სხვადასხვა ხილის მსუბუქად დამახასიათებელი საგემოვნო თვისებები და სასიამოვნო სიმჟავის ნოტები. “ყავის ლაბორატორიის” მისიაა, შევქმნათ და მივიტანოთ ჩვენ სტუმრებამდე ყავის სწორედ ასეთი გემო. “ყავის ლაბორატორია” არ წარმოადგენს რომელიმე ბრენდის ფრანჩაიზს და მისი იდეა, კონცეფცია, ბიზნესმოდელი ეკუთვნის თავის გუნდს.

რატომ ლაბორატორია?

ეს სახელი შემთხვევითი არ არის. ლაბორატორიის საქმიანობა ასოცირდება უსასრულო კვლევებსა და ცდებთან.„ხილოვანი“ ყავის მიღება არც ისე მარტივია, ამიტომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაც სწორედ ასეთ მეცნიერულ დონეზეა აყვანილი. ჩვენ ვეძებთ ყველაზე საინტერესო თვისებების მქონე მწვანე მარცვალს, ვხლით მას ადგილზე, ყავის ინდუსტრიის წამყვან, ყველაზე თანამედროვე ჰოლანდიურ Giesen-ის სახალავზე, ინდივიდურად ვუქმნით თითეულ ყავას მოხალვის პროფილს, სპეციალურად ვფილტრავთ წყალსისეთი ქიმიური შემადგენლობის მისაღებად, რომელიც ყავის საგემოვნო თვისებებს  მაქსიმალურად შეინარჩუნებს, ვურჩევთ დაფქვისა და მომზადების მეთოდებსა და ტექნოლოგიას. ყოველი ახალი მარცვალი ახალი ეტქსპერიმენტები, კვლევები და ახალი თავგადასავლებია. გარდა ამისა, მსოფლიო ყავის ინდუსტრიაც ძალიან აქტიურად ვითარდება, იხვეწება ყავის მოყვანისა და გადამუშავების მეთოდები, ტექნოლოგია და ჩვენც ფეხდაფეხ მივდევთ ახალ ტრენდებს.

როგორ მზადდება თქვენთან ყავა?

ყავის მომზადება მისი საბოლოო, კულმინაციური ეტაპია. რა თქმა უნდა,ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვამზადებთ ყავას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყავის მარცვლის შერჩევა და მისი სწორად მოხალვა მთელი პროცესის არანაკლებ პრინციპული შემადგენლებია.

ყავის მოსამზადებლად მნიშვნელოვარია როგორც ის, თუ რა ტექნიკას ვიყენებთ, ასევე ის, თუ როგორ მომზადების მეთოდს შევარჩევთ. ჩვენ ვამზადებთ როგორც ტრადიციულ, ესპრესოსზე დაფუძნებულ ყავის სასმელებს: ესპრესო, ამერიკანო, რძიანის სხვადასხვა სახეობა, ისე ე.წ. ალტერნატიულ (ფილტრის) ყავებს: V60, აეროპრესი, სიფონი, ფრანგული პრესი და ა.შ.

ა განასხვავებს მას სხვა გემოებისგან?

კომერციული, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ყავისგან განსხვავებით, ჩვენი ყავა არ არის “კლასიკურად” მწარე. ის მოტკბო-მომჟავო და მსუბუქად ხილოვანია. ხშირ შემთხვევაში იმდენად უჩვეულოა, რომ გვეკითხებიან: ეს მართლა ყავაა? ჩვენთან ყავას იშვიათან ამატებენ შაქარს, მათ შორის ისინიც, ვინც, როგორც წესი, 2 კოვზს იყენებს.

ექსპერიმენტებს რამდენად ხშირად აკეთებთ?

ძალიან ხშირად, რადგან მუდამ უკეთესის ძიებაში ვართ და ექსპერიმენტებიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

ძირითადად, ვინ არის თქვენი სტუმარი?

ადამიანები, რომლებიც ღია არიან სიახლეებისადმი, არიან გურმანები  და ეძებენ ხარისხს.

ყავის, როგორც ხილის არომატი, ძალიან კიმპლექსურია – უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ ამ წინადადებაში?

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ყავას, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევთ, საერთო დამახასიათებლად მწარე გემო აქვს. სამწუხაროდ, დღესდღეობით, სწორედ ეს ინტენსიური სიმწარე აღიქმება ყავის ნამდვილ არომატად, თუმცა – შეცდომით, რადგან მსგავსი გემო მხოლოდ არცთუ ისე ხარისხიან ზედმეტად მოხალულ გადამწვარ ყავის მარცვალს აქვს.როგორც ღვინისთვის, ისე ყავისთვისაც შექმნილია ე.წ. გემოების ბორბალი (flavours wheel), რომელიც ასახავს ყავის ძირითად დამახასიათებელ გემოებს: ხილის, კენკრის, თხილის, ყვავილოვან და სხვა. ყავა მიიჩნევა ყველაზე კომპლექსურად, ვინაიდან,სხვადასხვა წყაროს მიხედვით,მასში დღემდე აღმოჩენილია 850-ზე მეტი არომატული შემადგენელი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: