სახლი, სადაც დღეს დედათა მონასტერია, 1980 წელს შეიძინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საზაფხულო რეზიდენციისთვის. იგი თავად იღებდა ფიზიკურ მონაწილეობას ნერგების დარგვაში, ეზოსა და სახლის კეთილმოწყობაში, აქ იღებდა საქართველოში ჩამოსულ სტუმრებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს. 1992 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა მარტყოფის რეზიდენციაში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი გახსნა. 1994 წელს მონასტრის ეზოშივე აშენდა წმინდა გიორგის სახელობის პატარა ტაძარი, ხოლო ცოტა მოგვიანებით მთაზე, რომელიც მონასტერს გადმოყურებს და რომელსაც მისი უწმინდესობა წმ. გიორგის მთას ეძახდა, აშენდა მეორე წმ. გიორგის სახელობის ტაძარი პატრიარქის კურთხევით.
დედაოების თქმით, ადგილს, სადაც წმ. გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: „მისმა უწმიდესობამ წმ.გიორგის თეთრი მარმარილოს ნიში დადგა მთის წვერზე, ხშირად ლოცულობდა ამ ნიშთან, ადგილობრივებმაც დაიწყეს ამ ადგილას ლოცვა, რაც ყურადღების გარეშე არ დარჩენია იმდროინდელ მმართველობის რეჟიმს და ჩვენს პატრიარქს კრემლიდან დაურეკეს და მოსთხოვეს ნიშის რეზიდენციის ეზოში გადატანა. უწმიდესმა უარი უთხრა. ხელისუფლებამ ამ საქმის აღსრულება ერთ-ერთ ადგილობრივ ჩინოსანს დაავალა. ამ ამბავმა დიდი მწუხარება გამოიწვია ხალხში, რომელიც მისმა უწმინდესობამ ასე ანუგეშა: ,,მართალია ნიში აქ აღარ დგას, მაგრამ ამ ადგილას მომავალში ტაძარი ავაშენოთ”. ეს კურთხევა 2015 წელს აღსრულდა, ღვთის სადიდებლად აქ დიდებული ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი დგას. ასე, რომ დღეს მონასტრის ტერიტორიაზე მოქმედებს 2 ტაძარი და უწმიდესის საზაფხულო სახლი.“
მონასტრის კრებული რვა წევრისგან შედგება. მონასტრის დღე დილის 4 საათზე ლოცვით იწყება. სამეურნეო საქმიანობასთან ერთად მონასტერში არსებობს ხელით ქარგვის, ფარდაგების ქსოვის, საოქრომჭედლო, შოკოლადისა და საპნის სახელოსნოები. სახელოსნოები მონასტრისავე რესურსებით ფუნქციონირებს, დამზადებული შოკოლადები და სხვადასხვა ტკბილეულიც სრულიად ნატურალურია.
ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი