საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უპრეცედენტო თანხა იქნება მიმართული. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო ბაზების გამართულობა თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„2020 წლის ბოლომდე ჩემი დავალება არის, რომ ყველა ბაზაზე არსებული ყაზარმა იყოს გარემონტებული ისე, როგორც შეესაბამება ნატოს წევრ ქვეყნებს“. ირაკლი ღარიბაშვილმა გეგმის განხორციელების გზებზეც ისაუბრა: „დაახლოებით 500 მილიონი ლარი გვესაჭიროება იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ყველა ბაზა  მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებს შეეფერება. ეს არის ამბიციური გეგმა, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, გაისად უკვე 100 მილიონის ათვისება შეგვიძლია; მთელი ამ ინფრასტრუქტურული გეგმის 25%, დაახლოებით, იქნება შესრულებული. მომდევნო 3-5 წელიწადში, იმის მიხედვით თუ რა თანხის აკუმულირებას შევძლებთ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის,  დაახლოებით 500 მილიონ ლარს დავხარჯავთ და ამით ყველა პრობლემა იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ახალი ინიციატივის შესახებ ილაპარაკა, რომელიც რეგიონებში თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისების გაკეთებას გულისხმობს.

„არსებობს ინიციატივა, რომ გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისები ყველა რაიონში, „ვემსახურები საქართველოს“ იდეის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ გაწვევის სამსახურის, რეკრუტის, ასევე სამობილიზაციო სამსახურის ერთ სივრცეში მოქცევას. ასევე, ჩვენ ჩავრთავთ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას –  ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი,  თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაფერისი ცენტრი, რომელიც ამავდროულად, გაზრდის ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას და აამაღლებს ცნობადობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე მინდა განსაკუთრებული ჩართულობა იყოს ბავშვების, ბაღის და სკოლის მოსწავლეების, რათა მათ ნახონ რეალურად რა ხდება ჯარში. მინდა, რომ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში სრული გამჭვირვალობა იყოს. მე სრულად ჩავრთავ მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს და ყველას ვაჩვენებ, თუ რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ 2020 წელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ახალი რეფორმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები შესრულდება, რათა წვევამდელებმა ღირსეულ პირობებში იმსახურონ.  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა, რაც ჯარის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

Please follow and like us: