გია ყანჩელის დაუვიწყარი მუსიკა მუდამ იქნება ერთგული თანამგზავრი თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უდიდესი შემოქმედის,  ბატონი გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.

თითოეული ქართველისთვის საყვარელი და საამაყო, უზენაესი საკაცობრიო ფასეულობებით, ადამიანისადმი სიყვარულით შექმნილი მისი შემოქმედება ქართული და მსოფლიო მუსიკალური საგანძურის ფასდაუდებელი შენაძენია.

გია ყანჩელის დაუვიწყარი მუსიკა მუდამ იქნება ერთგული თანამგზავრი თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ ბატონი გიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამძიმრის წერილში.

სამინისტრო გია ყანჩელის ციტატასაც ავრცელებს: „ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შემოქმედება მომავალში დავიწყებას არ მიეცემა და აღიქმება, როგორც მცდელობა სიბნელისაგან თავის დაღწევისა და სინათლისაკენ სწრაფვისა“.

Please follow and like us: