18 წლის იყო, როდესაც მუშაობა თბილისის დასუფთავების სამსახურში დაიწყო. მუშაობის პირველივე დღიდან მან მიიღო გადაწყვეტილება, დედაქალაქზე ეზრუნა. ამის პარალელურად, ის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი დღევანდელი მიზნებიც და სურვილების სწორედ მედიცინას უკავშირდება.

იმ დროისთვის ქრისტინა ტუფურია ასაკით ყველაზე პატარა გოგო იყო, რომელიც ქალაქის ქუჩებს ასუფთავდებდა. მას შემდეგ, რაც მუშაობა საავადმყოფოში გააგრძელა, წინანდელ სამსახურს თავი დაანება – აქ ის, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდში მას ფინანსები სჭირდებოდა, რათა ბინის ქირა საკუთარი სახსრებითვე უზრუნველეყო. მის შესახებ საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც ბინა შესთავაზა – სრულიად უსასყიდლოდ. გარდა ამისა, მიიღო არაერთი ზარი და, შედეგად,  აღმოჩნდა მისთვის სასურველ გარემოში – სამედიცინო სფეროში.

დღეს ის სწავლობს და, ამის პარალელურად, მუშაობს. „დასუფთავების სამსახურში მუშაობამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ხასიათზე. გავხდი მეტად მოწესრიგებული – დილით ადრე ადგომა, მობილიზება…  ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა და მივხვდი, როგორები არიან ისინი სინამდვილეში – ცოტა რთულები, ცოტა უხეშებიც. მხვდებოდნენ კარგი ადამიანებიც. მახსოვს ძალიან ბევრი კეთილი  სიტყვა. ზოგიერთი მეხმარებოდა კიდეც მუშაობის პროცესში – საჭმელს მჩუქნიდნენ, ტანსაცმელიც კი უჩუქებიათ…“.

დღეს ქრისტინას მიზანია, რომ, საბოლოოდ, ექიმი გახდეს. „სიმართლე გითხრათ, სამომავლო გეგმები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ მაქვს. მინდა, რომ პლასტიკური ქირურგი გავხდე. ფინანსებისთვის ვფიქრობ, რომ უცხოეთში წავიდე, დავაგროვო ფული სასწავლებლად, ჩამოვიდე უკან – საქართველოში და აქ გავაგრძელო სწავლა“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: